გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, FAO, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების იდენტიფიცირებისა და დაცვისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტს ავითარებს.
FAO ქმნის მობილურ აპლიკაციას, რომელიც საველე სპეციალისტს ცხოველის ფოტოს გადაღებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ სავარაუდო ჯიშის განსაზღვრის საშუალებას მისცემს. ორგანიზაციის ცნობით, სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა პირველმა გამოცდებმა მაღალი სიზუსტე აჩვენა. საქართველოში სისტემის მუშაობისთვის კი ადგილობრივი ჯიშების საცნობარო ფოტოებისა და შესაბამისი მონაცემების შეგროვებაა საჭირო.
პროექტის ფარგლებში FAO-ს სპეციალისტებმა თბილისში ცხოველური გენეტიკური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სემინარი გამართეს. მოგვიანებით გუნდი საქართველოს მთიან რეგიონებში გაემგზავრა, სადაც სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ შერჩეული ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშები გადაიღო. შეგროვებული მასალა აპლიკაციის მონაცემთა ბაზის შექმნასა და საველე პირობებში მისი შესაძლებლობების შეფასებას მოხმარდება.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს საქართველოში ცხოველთა ჯიშების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, მართვისა და საერთაშორისო ბაზაში ასახვის გაუმჯობესებას. მონაცემები FAO-ს შინაური ცხოველების მრავალფეროვნების საინფორმაციო სისტემაში, DAD-IS-ში თავსდება. სისტემა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 9 000 ჯიშს და ცხოველთა 38 სახეობას აღრიცხავს.
ამჟამად საქართველოდან DAD-IS-ში 48 ჯიშია რეგისტრირებული, მათგან 40 ადგილობრივია, ხოლო რვა რეგიონული ტრანსსასაზღვრო ჯიში. ჯიშების დაახლოებით ნახევრისთვის კონსერვაციის სტატუსის შესახებ მონაცემები უკვე არსებობს, თუმცა ბევრი მათგანის პოპულაციის რაოდენობა სრულად აღრიცხული არ არის. ახალი მონაცემები ქვეყანას ჯიშების მდგომარეობისა და გადაშენების რისკის უკეთ შეფასებაში დაეხმარება.
FAO-ს შეფასებით, ადგილობრივი ჯიშების გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვა მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობის მდგრადობისთვის, ისე კლიმატურ და გარემოს ცვლილებებთან ადაპტაციისთვის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ კი შესაძლოა ჯიშების იდენტიფიცირება და მათი პოპულაციების მონიტორინგი უფრო სწრაფი და ზუსტი გახადოს.
წყაროები:
FAO: FAO helps Georgia protect native livestock breeds via AI
FAO: Domestic Animal Diversity Information System, DAD-IS