იტალიამ ესპანეთთან ევროკავშირის შენგენის ზონის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ერთი თვით შეჩერდება, - აღნიშნული ნაბიჯი მაროკოსთან მოსაზღვრე ესპანურ ექსკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივ ნაკადს უკავშირდება.

საგანგებო ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და ესპანეთის მოქალაქეებსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს არ შეეხება.

შესაბამისად, საუბარი არ არის იტალიასა და ესპანეთს შორის უვიზო მიმოსვლის სრულად შეჩერებაზე ან ესპანეთის შენგენის ზონიდან დროებით გამორიცხვაზე. ზომა გულისხმობს მიზნობრივი შემოწმებების დაწესებას იტალიის აეროპორტებსა და პორტებში იმ არაევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ესპანეთიდან ჩადიან.

იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების მასობრივ შესვლას დაუკავშირა. Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სეუტაში მაროკოდან 50 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, თუმცა მათგან უმრავლესობა მალევე ნებაყოფლობით დაბრუნდა მაროკოში.

იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონის განცხადებით, ეს არის დროებითი და საგანგებო ღონისძიება, რომლის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მიგრაციული კრიზისის შესაძლო გავლენის შემცირებაა. მისივე თქმით, ხელისუფლება შეეცდება, დამატებითმა შემოწმებებმა ზაფხულის ტურისტულ ნაკადებზე მინიმალური გავლენა მოახდინოს.

იტალიას ესპანეთთან საერთო სახმელეთო საზღვარი არ აქვს. რომმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთთან შეთანხმებით საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე კონტროლი გაძლიერდება, რათა არარეგულარული მიგრაციის შესაძლო გადაადგილება შეიზღუდოს.

ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიგრაციის საკითხებში კომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ სეუტიდან ევროკავშირის კონტინენტურ ნაწილში არც ერთი მიგრანტის გადასვლა არ დაფიქსირებულა. სააგენტო აღნიშნავს, რომ სეუტასა და მელილიიდან მგზავრობისას შენგენის წესები ისედაც სპეციალურ სასაზღვრო შემოწმებებს ითვალისწინებს.

შენგენის ზონა 29 ევროპულ ქვეყანას შორის შიდა სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფს. თუმცა წევრ სახელმწიფოებს უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგისადმი სერიოზული საფრთხის შემთხვევაში კონტროლის დროებით აღდგენა შეუძლიათ.

წყაროები:

Reuters

Associated Press

Euronews


https://home-affairs.ec.europa.eu/policies/schengen/schengen-area/temporary-reintroduction-border-control_en