კახეთში მეხორბლე ფერმერებმა ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს - ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ერთობლივი შეთანხმების შემდეგ მიიღეს. მანამდე ფერმერებმა წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და გზაზე დაზიანებული ხორბალი გაშალეს.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა ფერმერების მოთხოვნა უცვლელია - პროპორციულად დაიბეგროს იმპორტირებული მარცვლეული და ფქვილი.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაიბეგროს შემოტანილი ფქვილი და მარცვლეული პროპორციულად, ეს მომხმარებელზე არანაირად არ აისახება, ფასები დასტაბილურდება და ფერმერები გადავრჩებით,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბენიაიძის თქმით აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი და ადგილობრივი გუბერნიის წარმომადგენელი შეხვდა. ფერმერებმა მათ საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და ერთკვირიანი ვადა მისცეს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში არ იმყოფება, რამდენიმე დღეში დაბრუნდება და საკითხი გადაწყდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნები არ შესრულება, ფერმერები აქციას მომავალ სამშაბათს 12 საათზე გამართავენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი დასაწყობებული აქვთ, რადგან კილოგრამი ხორბლის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ინაზღაურებს. აქცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ იმართება.