საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზედაც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
ალკოჰოლური ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათი კომპანიების გაყიდვებს შეამცირებს, ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის მინიმალური ღირებულების ზრდას ისინი არ ელოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის, უფროსი გიორგი სამანიშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთის მხრივ, ეს სუბსიდიებიდან ეტაპობრივ გამოსვლაზე მიანიშნებს, მეორეს მხრივ კი სახელმწიფო სპირტის ბაზრის მთავარ მოთამაშედ აქცევს.
,,სუბსიდირების პროგრამა რამდენიმე სახით არსებობდა და ყველაზე ზედმეტი რაც იყო ის გაჩერდა, რაც ცალსახად მისასალმებელია. მისასალმებელია, რომ შესასყიდი ფასი წინასწარ გამოცხადდა, რაც ძალიან კარგია, ასე წინა წლებში არ ხდებოდა ხოლმე. უბრალოდ ვისურვებდი, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია გვქონდეს მომავალ წლებში როგორ ფიქრობენ: შესასყიდი ფასი გაიზრდება თუ შემცირდება? ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლისკენ გადადგმული ნაბიჯია. მართალია, ამ გადაწყვეტილებით სპირტის ბაზარზე მთავარი მოთამაშე სახელმწიფო გახდება, მაგრამ სხვა გზა არ არის. სპირტიანი სასმელების წარმოება გაძვირდება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ახალი გადაწყვეტილება მწარმოებელი კომპანიებისთვის დიდი დარტყმა იქნება. ფასები, რაც შესასყიდ ყურძენზე გამოცხადდა, ვფიქრობ, იმაზე ცოტა მეტია, რაც უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო უნდა ეცადოს მაქსიმალურად ყველაზე დაბალი ხარისხის ყურძენი შეისყიდოს; ეს ორი ფასი: 1.20 და 1.50 ალბათ პრობლემას შექმნის",- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.