საქართველოს მეღვინეობის მომავალს სომელიე, ღვინის ბირჟის წარმომადგენელი ზაზა გრიგალაშვილი ბუტიკური სტილის ღვინოებში ხედავს.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე, არსებულ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ზაზა გრიგალაშვილმა „კომერსანტთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ბუტიკური კლასის ღვინოებში უცხოეთში მეტსაც გადაიხდიან და საექსპორტო პოტენციალიც გაიზრდება.

„ღვინის ექსპორტის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის, საჭიროა შევინარჩუნოთ შედარებით მაღალი ფასები და მოვახდინოთ მარკეტინგული ღონისძიებებით შესვლა იმ ბაზრებზე, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ასევე არატრადიციული მეღვინეობის ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სადაც არ ხდება ინტენსიური წარმოება, მაგრამ ღვინო მოთხოვნადია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აშშ, სადაც ღვინოში მაღალ ფასს იხდიან, თუმცა სიშორის და სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ხერხდება ამ ბაზარზე მარტივად შესვლა, თუმცა ზრდა იქაც გვაქვს.

რაც შეეხება რუსეთს, მაღალი კლასის ღვინოები ნაკლებად შედის იმ ბაზარზე, ვინაიდან ფასი ძვირია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რუსეთის ბაზრებზე შესვლა ცუდად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, მან ჩვენ გზა გაგვიხსნა ევროპის ბაზრებზე და ისეთ ბაზრებზე სადაც ღვინის კულტურა არსებობს“, - ამბობს სომელიე.

მისი თქმით, მუდმივად უნდა დაიხვეწოს ღვინის ხარისხი და გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატები, რათა ქართული ღვინო უფრო მოთხოვნადი გახდეს საერთაშორისო ბაზრებზე.

„აუცილებელია რეგულაციები და შემოწმება, რადგან ესენი არიან მაღალი კლასის მეღვინეობის ქვეყნები სადაც მიჩვეულები არიან ძალიან კარგ ხარისხს. აქედან გამომდინარე მუდმივად უნდა დაიხვეწოს ხარისხი, გაიცეს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომ შემდეგ იქ ღვინოს ნაკლები პრობლემა შეექმნას. ვფიქრობ, სხვა მხრივ არავითარი პრობლემა არ არის.

რაც შეეხება ჩვენს ტრადიციულ მეღვინეობას, რასაც ჰქვია ქვევრის ტექნოლოგია, მოთხოვნა ჯერჯერობით მზარდია, თუმცა ამას უნდა მოჰყვეს კლასიკური წესით დაყენებული ღვინოები, რასაც ისინი მიჩვეულები არიან, მაგრამ ამის პარალელურად ასევე გასინჯავენ შედარებით განსხვავებული არომატის და გემოების ღვინოებს, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობ, ბუტიკური სტილის ღვინოები ეს არის ჩვენი მეღვინეობის მომავალი, ამ კლასის ღვინოებში მეტსაც გადაიხდიან და საექსპორტო პოტენციალიც გაგვეზრდება. სჯობს ცოტა გავყიდოთ და მაღალფასიანი, ვიდრე მასობრივი და დაბალფასიანი,“- აღნიშნა ზაზა გრიგალაშვილმა.

პირველ კვარტალში საექსპორტო ბაზრებზე 56.3 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. ღვინის ექსპორტის 67.5% კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის. ამ ქვეყანაში 3 თვეში 38 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა. 1 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინო რუსეთის გამოკლებით მხოლოდ 5 საექსპორტო ბაზარზე გავიდა. მათ შორისაა უკრაინა, სადაც წელს 3 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინოა გატანილი.