დიდი ბრიტანეთი $17.5 მილიარდიანი აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის რეგულაციურ ჩარჩოს ამკაცრებს. ე.წ. თეთრი ფურცელი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 20 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა სექტორისთვის.

როგორც კულტურის მდივანმა, ლუსი ფრეზერმა პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში თქვა, ახალი წესები პრობლემური თამაშის თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი და შეამცირებს მაქსიმალურ ფსონებს, მოითხოვს მომხმარებელთა უფრო მეტ შემოწმებას და შემოიღებს გადასახადს პრობლემური თამაშის კვლევისა და მკურნალობის დასაფინანსებლად.

მთავრობის თქმით, განსაკუთრებულად მაღალი რისკის პროდუქტებად სლოტ მანქანებია მიჩნეული და სწორედ ისინი ასოცირდებიან ყველაზე დიდ წაგებებთან.

ახალი რეგულაციების თანახმად, მოთამაშეები, რომლებიც კარგავენ დიდ ფულს, შეიძლება დაექვემდებარონ შემოწმებას. მომხმარებელი შემოწმდება მაშინ, თუკი ის 125 ფუნტს დაკარგავს თვეში ან 500 ფუნტს წელიწადში. უფრო დეტალური შემოწმება კი 24 საათში 1000 ფუნტის ან 90 დღეში 2000 ფუნტის წაგების შემთხვევაში იქნება.

პრობლემური მოთამაშეების ერთი სათამაშო ფირმიდან მეორეზე გადანაცვლების თავიდან აცილების მიზნით ამოქმედდება ზიანის პრევენციის სისტემა, რომელშიც ოპერატორებისთვის მონაცემები გაზიარდება.

გამკაცრდება დამცველობითი ზომები და შემცირდება ფსონების ლიმიტები 18-24 წლის ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ფსონის ლიმიტი შესაძლოა, სლოტის ერთ დატრიალებაზე 2 ან 4 ფუნტი იყოს ინდივიდუალური რისკის მიხედვით.

აზარტული თამაშების ზოგიერთმა ფირმამ, მათ შორის Flutter-მა, რომელიც ფლობს Paddy Power-ს, SkyBet-ს და Betfair-ს, 2021 წლის სექტემბრიდან სლოტებზე ფსონის ლიმიტები 10 ფუნტზე დააწესა.

ამასთან, გადაიხედება უფასო ფსონებისა და ბონუსების მომხმარებლებზე მიზნობრიობა. მოთამაშეთა გამოსწორებისთვის კი შეიქმნება ომბუდსმენის სამსახური.

ე.წ. თეთრი ფურცელი ზედიზედ 4 კულტურის მინისტრის 2.5-წლიანი მუშაობის შედეგია, რათა განახლდეს თითქმის 20 წლის წინ, სმარტფონებით ბეთინგის ბუმამდე მიღებული კანონი.

კანონპროექტზე ხელი პრემიერ-მინისტრს თითქმის ერთი წლის წინ უნდა მოეწერა, მაგრამ გადაიდო ბორის ჯონსონის მთავრობის დაშლის გამო. მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ორი ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიეს და ყოველ ჯერზე შეიცვალა მთავრობის შემადგენლობა, რაც რეგულაციის მიღებას აჭიანურებდა.

აღსანიშნია, რომ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს აზარტული თამაშების მსოფლიოში უდიდესი ოპერატორების სახლია, მათ შორის არიან Entain Plc და 888 Holdings Plc. ყველაზე დიდი, დუბლინში დაფუძნებული Flutter Entertainment Plc-ს ბრიტანეთში ოფისები და ასობით ფილიალი აქვს. სანამ შეერთებული შტატები 2018 წელს სპორტული ფსონების აკრძალვას გააუქმებდა, ევროპელმა ბუკმეიკერებმა საზღვარგარეთს მიმართეს და დათანხმდნენ მეგა-გარიგებებს ამერიკელ კონკურენტებთან.

მთავრობის შეფასებით აზარტული თამაშების მთლიანი ინდუსტრიის შემოსავალზე დარტყმა 329 მილიონი ფუნტიდან 812 მილიონ ფუნტამდე იქნება.

გადაწყვეტილების მიღებამდე გრძელვადიან პროცესში ზოგიერთმა უმსხვილესმა ბიზნესმა უკვე მიიღო გარკვეული ზომები, შეამცირეს სატელევიზიო რეკლამები ცოცხალი სპორტის დროს, ონლაინ ფსონების ლიმიტები და მათი ნაწილი ნებაყოფლობით გადასახადსაც იხდის. ამ თვის დასაწყისში ინგლისის პრემიერ ლიგა დათანხმდა საფეხბურთო მაისურების წინა მხარეზე გემბლინგ კომპანიების სპონსორობის დატანის აკრძალვას.

მთავრობა ასევე გეგმავს საჯარო ლიცენზირების კანონების გაძლიერებას, რათა ბავშვებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა ითამაშონ პაბებში ფულად პრიზებიან სათამაშო ავტომატებზე და აპირებს აკრძალოს ლატარიის ბილეთების შეთავაზება 18 წლამდე პირებისთვის.

Bpn.ge