ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი „ბრიკორამა“ გახსნიდან 7 წლის შემდეგ იხურება. რას უკავშირდება „ბრიკორამას“ დახურვა, ხომ არ გახდა ამის მიზეზი შედარებით იაფფასიან პროდუქციასთან კონკურენცია - მეტი დეტალის გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანიის წარმომადგენლობას დაუკავშირდა.  „ბრიკორამას“ დირექტორს ქეთევან ლობჟანიძის თქმით, ცვლილების მიზეზი კომპანიის რებრენდინგია და არ უკავშირდება იაფიან პროდუქციასთან კონკურენციაში შესვლას.

„„ბრიკორამა“ 1 აპრილს დაიხურება. კომპანია რებრენდინგს განახორციელებს. დამფუძნებლებმა მაღაზიის პროფილის შეცვლა გადაწყვიტეს, რაც გულისხმობს, სახლის მოწყობა-დეკორაციას და ნაკლებად სამშენებლო მასალებს.

„ბრიკორამას“ ადგილზე სხვა ბრენდი გამოჩნდება, რომელსაც 3-4 თვეში იხილავთ. თავდაპირველ ეტაპზე, ახალი ბრენდი „ბრიკორამას“ ადგილზე იფუნქციონირებს, შემდგომში კი შესაძლებელია გავფართოვდეთ და სხვაგანააც იხილოთ.“ - განაცხადა ქეთევან ლობჟანიძემ.

ამ ეტაპზე დავით აღმაშენებლის ხეივანზე ავეჯის სახლი „ბელუქსის“ ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ  „ბელუქსის“ 50%-ს და „ბრიკორამას“ 81%-ს ერთი და იგივე ადამიანი  თეიმურაზ დოლიძე ფლობს, თუმცა როგორც „ბრიკორამას“ დირექტორმა ქეთევან ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა ჰიპერმარკეტის დახურვა არაა დაკავშირებული „ბელუქსის“ გაფართოებასთან.

„ბრიკორამას“ შპს „ბრიკო კავკასუსი“ ფლობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის დირექტორი და წილები რამდენიმეჯერ შეიცვალა.

2023 წლის აპრილში დირექტორი იყო მამუკა დოლიძე.

წილები: თეიმურაზ დოლიძე 51%  თეონა დოლიძე  19% მამუკა დოლიძე 30%

2023 წლის ივლისში დირექტორი იყო კახაბერ სონიშვილი.

წილები: თეიმურაზ დოლიძე 81% თეონა დოლიძე  19%

2023 წლის დეკემბერში დირექტორი გახდა საქართველო-იტალიის ორმაგი მოქალაქე ქეთევან ლობჟანიძე.

წილები: თეიმურაზ დოლიძე 81%  თეონა დოლიძე  19%