პროდუქტების გიგანტი Unilever, რომელიც ფლობს ბრენდებს Dove, Axe და Rexona, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობას მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიად აქცევს. თუმცა კამპანიის მთავარი ფოკუსი ტრადიციული რეკლამა კი არა, ინფლუენსერები და კონტენტკრეატორები არიან.

კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში სპეციალური სივრცეები House of Fresh შექმნა. ეს არის დახურული ღონისძიებების ჰაბები, სადაც მოწვეული კონტენტკრეატორები სპორტულ აქტივობებში მონაწილეობენ, იღებენ პერსონალიზებულ სუვენირებს და ქმნიან სოციალურ ქსელებში გასაზიარებელ კონტენტს.

სივრცეებში სტუმრებს შეუძლიათ საფეხბურთო მაისურების შექმნა საკუთარი დიზაინით. ფოტოებისგან საკოლექციო ბარათების დამზადება, სხვადასხვა გასართობ თამაშში მონაწილეობა და მცირე ზომის ფეხბურთის მატჩების ჩატარება. იდეა მარტივია – შეიქმნას გარემო, რომელიც სოციალურ მედიაში ბუნებრივად გავრცელდება და მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ კონტენტს კიდევ უფრო დიდ აუდიტორიამდე მიიტანს.

Unilever-ისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ცნობილი ინფლუენსერები, არამედ მცირე აუდიტორიის მქონე კრეატორებიც არიან. კომპანია ყოველდღიურად ასობით კონტენტშემქმნელს მასპინძლობს და ცდილობს, სხვადასხვა თემატურ და კულტურულ საზოგადოებაში საკუთარი ბრენდების ხილვადობა გაზარდოს.

გულშემატკივრებისთვის მოწყობილ სპეციალურ ზონებში ხელმისაწვდომია ბრენდირებული საჩუქრები, პერსონალიზებული ფეხბურთის ბარათები, სპორტსმენების მაისურების გამოფენა და პროდუქციის უფასო ნიმუშები. ზაფხულის სიცხის გათვალისწინებით, სივრცეებში დამონტაჟებულია გამაგრილებელი სისტემებიც.

კამპანიის პირველ ეტაპზე მთავარი ყურადღება დეოდორანტების ბრენდ Rexona-ს დაეთმო, შემდეგ კი აქტივობების ცენტრში Dove Men+Care და Dove იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების პირველივე დღეებში ტურნირთან დაკავშირებულმა კონტენტმა მხოლოდ YouTube-ზე 58 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბრენდირებულ ვიდეოებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღეს ინფლუენსერული მარკეტინგი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ კამპანიებში.

Unilever-ის პარტნიორობა FIFA-სთან 2027 წლამდე გრძელდება, ამიტომ კომპანია უკვე მომავალი წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც ემზადება, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება. მიზანი უცვლელია – სპორტის, სოციალური მედიისა და ბრენდების გაერთიანებით, მომხმარებლებთან უფრო ახლო კავშირის შექმნა.

www.marketer.ge