ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რუსულენოვანი საზოგადოება (არ ვიცი ზუსტად რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რუსეთის, უკრაინის, თუ სხვა) თბილისში არსებულ უძრავ ქონებას ყიდის, - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო "ჯეორეალთის" დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რუსულენოვან საზოგადოებას საქართველოში ბიზნესი აქვს, რაც გულისხმობს ბინების შეძენას გადაყიდვის მიზნით.

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაზრდილია როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართების თვალსაზრისით. რაც შეეხება ფასებს - ამ მიმართულებით ტენდენცია უფრო მეტად მზარდია, ვიდრე შემცირებული. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის თვალსაზრისით ადგილობრივები ლიდერობენ, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც უცხოელების მხრიდან მკვეთრად იყო გაზრდილი მოთხოვნა. ამჟამად, უცხოელების მხრიდან მოთხოვნა იმდენად მაღალი აღარ არის.

რაც შეეხება მომხმარებლების სეგმენტაციას - რუსულენოვან საზოგადოებას საქართველოში ბიზნესი აქვთ, რაც გულისხმობს ბინების შეძენას გადაყიდვის მიზნით და შესაბამისად, ესენიც როგორც პოტენციური მყიდველები, ასევე გამქირავებლებიც არიან. მათ გარდა, ბინების შეძენით ინტერესდებიან ქართველები და ებრაელები", - აცხადებს მაია გამზარდია.

bp.ge