2025 წლის II კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) კვლავ უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება, თუმცა ის 3.6 პუნქტით გაიზარდა. აღნიშნული ზრდის შემდეგ, ინდექსი -1.3-ს გაუტოლდა, - ამის შესახებ ISET Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა – +10.0. ISET Policy Institute-ის ინფორმაციით, BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ასახავს, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით მცირედ — 2.5 პუნქტით — გაიზარდა და ამავე წლის II კვარტალში -16.0-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება მრეწველობის (+31.7) და სოფლის მეურნეობის (+12.5) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც ასახავს ბიზნესსექტორის ოპტიმიზმს მომავლის მიმართ, ასევე გაიზარდა და 12.1 პუნქტს მიაღწია. 2025 წლის II კვარტლისთვის მოლოდინების მკაფიო გაუმჯობესება შეინიშნებოდა საფინანსო (+46.6), მრეწველობისა (+25.0) და სოფლის მეურნეობის (+25.0) სექტორებში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი კი 9.3 პუნქტით შემცირდა და 10.8-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმ ბიზნესების რაოდენობის კლებაზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მომდევნო სამ თვეში თავიანთ პროდუქტზე ფასებს გაზრდიან.