2023 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 757.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი - კაცი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 721.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 419.0 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4 პროცენტით მეტი).

2023 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 293.0 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 219.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁  მსხვილი ბიზნესი – 2 035.7 ლარი

⦁  საშუალო ბიზნესი – 2 292.8 ლარი

⦁  მცირე ბიზნესი – 1 781.6 ლარი.

2023 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.1, 11.9 და 9.7 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.8 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

⦁ ქ. თბილისი – 65.0 პროცენტი
⦁ აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი
⦁ იმერეთი – 6.8 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი ⦁ კახეთი - 2.8 პროცენტი
⦁ შიდა ქართლი - 2.3 პროცენტი
⦁ მცხეთა-მთიანეთი - 1.7 პროცენტი
⦁ სამცხე-ჯავახეთი - 1.5 პროცენტი
⦁ გურია - 0.9 პროცენტი
⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3.