2024 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13.7 პროცენტით გაიზარდა და 58.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 23.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია.
2024 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.2 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.6 პროცენტი, საშუალოზე - 24.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.2 პროცენტი.
2024 წლის III კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.7 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტი) შეადგინა.