ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტლის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურმა პარამეტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობა.
მინისტრის მოადგილე მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას ხაზს რამდენიმე ძირითად ფაქტორს უსვამს.
„ეს არის ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.5%-ით გაიზარდა და 60 მლრდ ლარს გადააჭარბა, ასევე ბიზნეს სექტორის გამოშვება - ამ მიმართულებით 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 23.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა. ნიშანდობლივია ის სექტორები, რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს - სწორედ აქ ფიქსირდება გამოშვების ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლები: ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულება, სადაც თითქმის 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და დასაწყობება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბიზნეს სექტორის ზრდის მაჩვენებლებში ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების პარამეტრია - სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტლის ჭრილში რეკორდული რაოდენობა - 795.6 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212.1 ლარით (10.1%) და 2,317.6 ლარს გაუტოლდა.
„ეს ყველაფერი ერთობლიობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს