საქართველოს მთავრობამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალურ წესში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ავიამიმართულებების სტიმულირების პროგრამას, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადებსა და შესყიდვების სისტემაში მათი ასახვის წესს ეხება.
ახალი დადგენილებით, ავიამიმართულებების სტიმულირების ხელშეკრულებები პირდაპირი შესყიდვის ფარგლებში ცალკე რეგულირდება და მათი გაფორმებისთვის უფრო მოქნილი პირობები განისაზღვრა.
რა იცვლება ავიამიმართულებების სტიმულირების პროგრამაში
ცვლილება შეეხო „ახალი მიმართულების“ განმარტებას. მოქმედი წესის მიხედვით, ახალ მიმართულებად ითვლება ისეთი მიმართულება, რომელიც აეროპორტში ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგულარულად არ სრულდებოდა. ახალი დადგენილებით კი დამატებულია პირობა, რომლის მიხედვითაც მიმართულების რეგულარული შესრულების დაწყებიდანაც 6 თვეზე მეტი არ უნდა იყოს გასული.
ასევე შეიცვალა სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების ვადა. აეროპორტების გაერთიანებას შეუძლია ხელშეკრულება პირველი რეგულარული ავიარეისის შესრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში გააფორმოს. ამასთან, ანაზღაურება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმება პირველ რეისამდე სავალდებულო აღარ არის.
ცვლილება შევიდა სტიმულირების დაფინანსების პერიოდშიც. თანხის მაქსიმალური ოდენობები უცვლელია:
- I კატეგორია — მაქსიმუმ 600 000 ევრო;
- II კატეგორია — მაქსიმუმ 500 000 ევრო;
- III კატეგორია — მაქსიმუმ 400 000 ევრო;
- IV კატეგორია — მაქსიმუმ 300 000 ევრო.
ამასთან, დაფინანსების პერიოდი პირველი ავიარეისიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება, მაშინ როდესაც ძველი წესით პერიოდი პირდაპირ მომდევნო 3 წელს მოიცავდა.
უცვლელი რჩება ახალი პრიორიტეტული მიმართულების შესრულების სიხშირის მოთხოვნაც — ავიაკომპანიამ მიმართულებაზე კვირაში სულ მცირე ორი რეისი უნდა შეასრულოს.
ცვლილებები შესყიდვების სისტემაში
მთავრობამ ასევე შეცვალა შესყიდვების შესახებ ინფორმაციის სისტემაში ასახვის წესი. ძველი რეგულაციით, როგორც ელექტრონული პროცედურის, ისე პირდაპირი შესყიდვის დოკუმენტაციისა და გადახდების CMR მოდულში ატვირთვა 10 დღის ვადაში იყო სავალდებულო.
ახალი წესის ძირითადი მიზანი ავიამიმართულებების სტიმულირების ხელშეკრულებების ცალკე რეჟიმში მოქცევა და მათი გაფორმების პროცესის მოქნილობის გაზრდაა.
ამასთან, უცვლელი დარჩა სტიმულირების თანხების ზედა ზღვარი და ახალი პრიორიტეტული მიმართულებით კვირაში მინიმუმ ორი რეისის შესრულების მოთხოვნა.
მთავრობის ახალი დადგენილება 18 აგვისტოს გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.