„ავერსის ჯგუფში“ შემავალი არცერთი კომპანია არ მიანიჭებს პრიორიტეტს მედიკამენტს, მხოლოდ იმიტომ რომ „ავერსი რაციონალისაა“, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია „ავერსი რაციონალის“ გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ პარლამენტში, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და საოპერაციო პროცესები განიხილებოდა.

მისი თქმით, 2005 წლიდან დღემდე, მიუხედავად ბრუნვის ზრდისა, მოგების მაჩვენებელი სტაბილურად იმავე ფარგლებში ნარჩუნდება. კურტანიძის განმარტებით, გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის სხვაობა არასდროს აღემატებოდა 50%-ს, ხოლო ბოლო წლებში დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, „ავერსის“ კლინიკებში „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონკურენტუნარიანია როგორც ფასით, ისე ხარისხით.

„ავერსის" კლინიკებში არავინ არ არის ვალდებული შეიძინოს „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტები, თუ არ იქნება კონკურენტუნარიანი ფასითა და ხარისხით. ყველა ავერსის ჯგუფში შემავალი კომპანიები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ თავისი მოგების გეგმა და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოგება შესრულდეს და კომპანიას შემოსავალიც ნორმალური ჰქონდეს, აქედან გამომდინარე, არცერთი „ავერსის ჯგუფში“ შემავალი კომპანია არ მიანიჭებს პრიორიტეტს მედიკამენტს, მხოლოდ იმიტომ რომ „ავერსი რაციონალისაა“, თუ არ იქნა კონკურენტუნარიანი ფასი ავერსი რაციონალს“, - ამბობს მალხაზ კურტანიძე.