„კომერსანტის” ინფორმაციით, „ავერსი“ სადაზღვევო ბაზარს ტოვებს. როგორც მედიაჰოლდინგს წყარომ აცნობა, „ავერსის“ შვილობილ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ Global Benefits Georgia შეიძენს.
სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგ „ავერსის“ შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს, 2009 წლის 2 ივნისს დაარსდა, კომპანია 100%-ით ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული და ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს, როგორც ინდივიდუალურ პირებზე, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებზე.
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ამჟამად 19 კომპანია ოპერირებს, რომელთა მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 2025 წლის 9 თვის განმავლობაში შეადგინა 1 098 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 113 მლნ ლარი.
მიუხედავად „ავერსის“ მასშტაბებისა ფარმაცევტულ თუ სამედიცინო ბაზარზე, მის მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანია „ალფა“ სექტორის ლიდერებს შორის არასდროს ყოფილა.
„ალფას“ მოგება 2025 წლის 9 თვეში მხოლოდ 358 928 ლარი იყო, რითაც მან ბაზარზე მე-17 ადგილი დაიკავა.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, სწორედ მოგების დაბალი მაჩვენებელია მიზეზი, რის გამოც „ავერსი“ სადაზღვევო ბაზარს ტოვებს. მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება Global Benefits Georgia-სთან შედგა.
„კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ნინა კობახიძეს ესაუბრა, რომელმაც კომერციული საიდუმლოების მოტივით კითხვებზე არ გვიპასუხა.
მასალა განახლებადია და „კომერსანტის“ სარედაქციო ჯგუფი მას ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე შეავსებს.