აქსესუარების ბრენდის „ატელიე ფასკუნჯი“ (Atelier Paskunji) ისტორია 2019 წლიდან იწყება, როცა ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ტალალ ვეჰბემ თბილისში ბუტიკ-სასტუმრო „ფასკუნჯი“ გახსნა. თბილისსა და ქართულ კულტურაზე შეყვარებულმა სტუმარმა, გადაწყვიტა საკუთარი ემოციები სამკაულებში გადმოეტანა. 

ბიზნესმენის განსაკუთრებული აღფრთოვანება ქართულმა ანბანმა დაიმსახურა, რაც შემდეგ აქსესუარების წარმოებაში მთავარი კონცეფციად იქცა. იდეის განსახორციელებლად იგი დიზაინერ მამუკა ნაჭყებიას დაუკავშირდა, რომელიც ბრენდის თანადამფუძნებელი გახდა და მათი ჩანაფიქრი მალე რეალობად იქცა. 

ბრენდის სავიზიტო ბარათი ქართული ანბანის კოლექციაა, რომელიც მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო და შეიყვარა.

თუ როგორი იყო Atelier Paskunji-ის პირველი ნაბიჯები, რამდენად განვითარდა ბრენდი და რას გეგმავენ დამფუძნებლები მომავალში, ამ თემებზე ტალალ ვეჰბე „კომერსანტს“ ინტერვიუში ესაუბრა. 

„ქართული ანბანი არის ქართული კულტურის უდიდესი საგანძური. მისი არტისტული რეალიზაცია აქსესუარებში - ეს იყო ის გზა, რაც ავირჩიე“, - აცხადებს დამფუძნებელი. 

ბატონო ტალალ, რამდენი იყო თქვენ მიერ პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია და საიდან მოიძიეთ თანხა?

პირველ ეტაპზე ჩემი პირადი დანაზოგით გავაკეთე 50 ათასი დოლარის ინვესტიცია და მას შემდეგ ყველა ახალი პროდუქტი ახალ ინვესტიციას საჭიროებს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა გეგმები ბევრია...

რამდენი ადამიანია კომპანიაში დასაქმებული?

ჩემ გარდა, როგორც დამფუძლებლის და მამუკა ნაჭყებიასი, როგორც თანადამფუძლებლის და კრეატიული დირექტორის, დასაქამებულია კიდევ 5 ადამიანი.

ჩვენი გაყიდვების ბიზნესმოდელი ძირითადად ონლაინ არხების გამოყენებაა. ასევე ვიყენებთ სუვენიერების მაღაზიებს, როგორიცაა აეროპორტის მაღაზიები. ასევე სტამბაში - ქართული სუვენირების მაღაზია და სხვა. შესაბამისად, არ გვყავს ბევრი თანამშრომელი, თუმცაღა, მალე ტაბიძის 9 ნომერში ჩვენს პატარა ბუტიკს გავხსნით, სადაც სასტუმროა და შესაძლებელია თანამშრომლების რაოდენობაც გაიზარდოს.

რით არის გამორჩეული „ატელიე ფასკუნჯის“ პროდუქცია? რა არის შთაგონების წყარო პროდუქტებზე მუშაობისას?

ანბანი აქსესუარებში - არის უკვე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება. ამავე დროს, მაღალი ხარისხის ვერცხლისა და მოოქროვილი მეტალისგან დამზადებული (რომელიც ასევე დაპატენტებულია) აქსესუარები, ნეოკლასიკური ფორმებისა და ფერების გამორჩეულ დიზაინით, რასაც „ატელიე ფასკუნჯი“ ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს, მართლაც გამორჩეულს ხდის ჩვენს პროდუქციას.

საქართველო, თავისი ისტორიითა და კულტურით, თვითმყოფადი ქართველი ხალხი და შემოქმედი ადამიანები, ყველა ეს არის ჩემი შთაგონების წყარო. მე, როგორც ავსტრალიის მოქალაქე, წარმოშობით დრუზი, ასევე მივეკუთვნები უძველეს ერს და ქართული კულტურაში განსაკუთრებული სიახლოვეს ვპოულობ. ეს სიძველე და სიღრმე არის ჩემი უმშვენიერესი შთაგონების წყარო. 

რამდენი ტიპის პროდუქტი აქვს ამ ეტაპზე „ატელიე ფასკუნჯს“?

თავდაპირველად გვქონდა ყელსაბამები და საყურეები. შემდეგ, ბეჭდები, აბრეშუმის შარფები... ასევე დავამატეთ ტყავის პროდუქცია, ჩანთები, და სხვა აქსესუარები, უმაღლესი ხარისხის პორსელინის ყავის ჭიქები, გაფორმებული ქართული ტრადიციული ორნამენტებით. გეგმაში კიდევ ბევრი პორდუქტი გვაქვს.

რა სეგმენტზეა გათვლილი ბრენდის საფასო პოლიტიკა?

ჩვენ გაქვს შედარებით იაფი პროდუქცია გათვლილი დაბალმსყიდველუნარიან მომხმარებელზე, მაგრამ ძირითადად ჩვენი საფასო პოლიტიკა საშუალო ბიუჯეტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომია უფრო ფართო სეგმენტის მომხმარებლისთვის.

ყველა ადამიანი, საქართველოს სტუმარი თუ ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც ამაყობს ქართული კულტურით და აღფრთვანებულია მისით, როგორც მე ვარ შთაგონებული, ჩვენს სამიზნე ჯგუფშია. ასევე, როგორც ვახსენე, ჩვენ ძირითადად ვიყენებთ ონლაინ გაყიდვის არხებს (ჩვენი საკუთარი ვებგვერდი: www.paskunji.com; www.etsy) და ვყიდით პროდუქტს მთელ მსოფლიოში. წელს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ „Georgian fashion week” -ზეც, სადაც ჩვენმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორ ხედავთ ბრენდის განვითარებას მომავალში? გეგმავთ სიახლეებს უახლოეს პერიოდში?

ატელიე ფასკუნჯი არის ქართული დიზაინის სახლი, რომელიც ვითარდება უნიკალურ ქართულ დიზაინისა და კულტურის ირგვლივ. დავიწყეთ ანბანის კოლექციით და გავაგრძელეთ სხვადასხვა აქსესუარებით.

მომავალში მომხმარებლებს შევთავაზებთ „ფასკუნჯის“ დიზაინერულ ხედვასა და გადაწყვეტილებას ყველაფრისათვის: დაწყებული ინტერიერის დიზაინით, განათებით, ავეჯით და დასრულებული ტანსაცმლითა თუ ინდივიდუალური დიზაინის აქსესუარით.

„ატელიე ფასკუნჯმა“ დაასრულა სრული დიზაინერული სამუშაო „ფასკუნჯი რეზიდენსის“ ორი სტუდიო აპარტამენტისთვის და ამჟამად ვმუშაობთ კიდევ სხვა ორი აპარტამენტის უნიკალურ დიზაინზე. და, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვართ ქართული დიზაინის სახლი, და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფრის დიზაინს.

დიახ, მალე სიახლე გვექნება. ძალიან მალე იხსნება პატარა ბუტიკი - საჩუქრების მაღაზია, „ატელიე ფასკუნჯის“ აუთლეტი - ტაბიძის 9 ნომერში.