ელექტრონული კომერციის ასოციაციამ სექტორში არსებული გამოწვევებისა და რთული მდგომარეობის გამო რეაგირებისთვის კონკურენციის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მიმართა. ასევე, იგეგმება მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსთვის.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე საკოორდინაციო შეხვედრის ჩანიშვნაა, რომელზეც ერთმანეთს სხვადასხვა უწყება და ბიზნეს სექტორი შეხვდება, რადგან მისი განმარტებით, საკითხი მხოლოდ ერთი უწყების რეაგირებას ექვემდებარება.

„მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა უწყება საკითხის განხილვაში ერთდროულად ჩაერთოს. ეს ეხება ელექტრონული კომერციის, ზოგადად, საცალო ვაჭრობისა და ლოგისტიკის ბაზარს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ელექტრონული კომერცია, ფაქტობრივად, ვეღარ ვითარდებოდა. 2025 წელი საკმაოდ მძიმე წელი აღმოჩნდა ინდუსტრიისთვის. ჩვენი მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერცია საქართველოში გაზრდილია, ზრდა მხოლოდ საერთაშორისო ონლაინ კომერციის გაძლიერებას ეფუძნება. ჩვენს ონლაინ მაღაზიებს 2025 წელს უფრო ნაკლები ბრუნვა ჰქონდა, ვიდრე 2024 წელს იმის ფონზე, რომ ბაზარი 2020 წლიდან მუდმივად მზარდი იყო. დავადგინეთ ისიც, რომ პრობლემა უკვე გასცდა ელექტრონულ კომერციას და საცალო ვაჭრობასაც შეეხო“, - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ისიც, რომ არსებობს ეჭვები „საქართველოს ფოსტის“ მხრიდან Temu-თვის დემპინგური ფასების შეთავაზებაზე.

„ამ საკითხზე კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. იმედი გვაქვს, მოკვლევა მალე დასრულდება და გავიგებთ, არის თუ არა დემპინგური ფასი. თუკი „საქართველოს ფოსტის“ მხრიდან არსებობს დემპინგური ფასი, ეს ძალიან საგანგაშოა და სრულიად დაუშვებელი, ვინაიდან „საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად, თუ არსებობს ზარალიანი ფასი, ამ ზარალს ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვიხდით, რაც დაუშვებელია“, - ამბობს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი.