არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების ამოქმედება, შესაძლოა ისევ გადავადდეს. აღნიშნულს გულისხმობს კანონპროექტი, რომლის შემუსავებას და პარლამენტისთვის წარდგენას ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირების ვალდებულება 2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, კი მისი გადავადება 2027 წლამდე იგეგმება.
„კანონპროექტი ეხება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის ამოქმედების ვადის ცვლილებას, კერძოდ ნაცვლად 2025 წლის 1 დეკემბრისა, მიეთითება 2026 წლის 31 დეკემბერი.
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო(ები).
თუმცა, აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება და 2025 წლის 1-ლი დეკემბრისთვის, როდესაც ამოქმედდება შეჩერებული სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები. შესაბამისად, საჭიროა შეჩერებული სერტიფიცირების მუხლის ამოქმედების გადავადება,“ - აღნიშნულია პროექტის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. კერძოდ, თავდაპირველად ის უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ კი 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაიდო.