„[საქართველოში] ივანიშვილი არ აკეთებდა ბიზნესს. მე ვაკეთებდი [მის] ბიზნესს [...] ის ახორციელებდა რეკეტს, კორუფციას“ - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა გააკეთა, შემდეგ კი, „წერტილთან“ ინტერვიუში მოჰყვა, რა მიაჩნია მას ბიზნესის რეკეტად და რატომ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს რეკეტიორად. „რეკეტისთვის აუცილებელი არაა, შენ ვიღაც იარაღით მოგადგეს“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა „წერტილში“.
- რა იგულისხმეთ - რა ტიპის რეკეტიორია ბიძინა ივანიშვილი ან კომპრომატები გაქვთ?
- მარტივ მაგალითს გეტყვით, რითაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არეკეტებს საქართველოს მოსახლეობას - გაზის და დენის იმპორტშიც არიან შუამავალი კომპანიები, რომლებიც პირდაპირ „ხსნიან“ იმ თანხის ნაწილს, რომელსაც ყველა მოქალაქე იხდის ელექტროენერგიასა და გაზში და ეს თანხები შემდეგ ილექება შავ სალაროებში და მიემართება სხვადასხვა პარტიული და კერძო ინტერესებისთვის; რა თქმა უნდა, ეს პარტიული და კერძო ინტერესები, პირველ რიგში, ივანიშვილის ინტერესია, რომ ის დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. ყველა გაჭირვებული ქართველის ჯიბიდან გადახდილი ლარიდან, რაღაც წილი რომ ბიძინა ივანიშვილის პირად მიზნებს ემსახურება, არის თუ არა ეს რეკეტი?!
- საინტერესოა ეს თემა... როგორც ვხვდები, საკითხს სვამთ ასე - რა საჭიროა შუამავალი იმპორტიორი კომპანიები, რომლებსაც მომსახურების სახით გარკვეული თანხა რჩებათ, რაც ტარიფზე აისახება...
- პირდაპირ სახელმწიფო კომპანიებსაც შეუძლიათ, იმპორტის ხელშეკრულება გააფორმონ [მომწოდებელთან]. ნუთუ საქართველოს სჭირდება კონკრეტული ბიზნესმენი, რომელმაც უნდა შემოიტანოს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია; საქართველოს მთავრობა თავად ვერ დაელაპარაკება აზერბაიჯანის მთავრობას?! ეს იმპორტიორი კომპანია არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ იღებს გარკვეულ წილს იმ თანხებიდან, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიემართება, ელექტროენერგიის თუ გაზის შესყიდვის სანაცვლოდ...
- საინტერესოა, იმპორტით მხოლოდ ერთი კომპანიაა დაკავებული თუ რამდენიმე და რამდენად არის კონკურენციის მომენტი...
- არანაირი კონკურენცია არაა. ერთი იმპორტიორია დაა არაერთი სტატიაა ამის შესახებ გამოქვეყნებული...
- უშუალოდ ბიზნესის რეკეტის მაგალითებსაც მოჰყვებით?
- აგერ ვარ მაგალითი...
- ველოდი ამ პასუხს. თქვენ გარდა...
- თუნდაც მამუკა ხაზარაძე...
- თქვენი აზრით, მამუკა ხაზარაძის საქმეში, რა იყო რეკეტი?
- როცა მამუკა ხაზარაძეს უნდოდა, ანაკლიის პორტის აშენება და იმის გამო, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ ჯდებოდა, გამოუგონეს საქმეები და რამდენიმე წელი ატარეს სასამართლოში, ეს პირდაპირ რეკეტია. ეს იყო რეკეტი იმისთვის, რომ მას პორტი არ აეშენებინა.
- 6 წელი იყავით ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი; სინამდვილეში მას უნდოდა ანაკლიის პორტის აშენება? ან თუ უნდოდა, თუ იყო საუბარი, თანაინვესტირების ფონდის პროექტში ჩართვაზე?
- თავის დროზე პროექტი შევისწავლე; გარკვეული კვლევები ჩავატარეთ... მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროექტში ფონდის [ინვესტირებაზე]...
- კვლევები ივანიშვილის დავალებით ჩაატარეთ?
- დიახ.
- რატომ - თანაინვესტირების ფონდი განიხილავდა თანაინვესტორობას?
- პოტენციურად შეიძლებოდა, ყოფილიყო ინტერესი ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ უშუალოდ თანაინვესტირების მხრიდან ინვესტირება არ განიხილებოდა; ჩვენ პროექტი რომ შევისწავლეთ, შემდეგ მალევე დაიწყო ის ამბავი [ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე]... ამ პროექტზე მე ყოველთვის ჩემი აზრი მქონდა - ის ეკონომიკურად დიდად მიმზიდველი არ იყო, მაგრამ ანაკლიის პროექტი იყო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული პროექტი და მას ჰქონდა სხვა ბევრი დადებითი ასპექტი, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში... კარგი იქნებოდა, ამ პროექტში ამერიკელებიც რომ ყოფილიყვნენ ჩართულები...
- ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის აშენება უნდოდა თუ არა?
- ის ადამიანი, რომელიც ამ პროექტს ახორციელებდა მოჰყვა ისეთ სასამართლო გარჩევებში, რომელიც ხანდაზმული იყო და როდესაც ასეთ სასამართლო საქმეს წამოიწყებ იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, ალბათ არ გინდა, რომ ეს პროექტი გამოვიდეს...
- ჩემი კითხვა იყო, საერთოდ უნდოდა ანაკლიის აშენება და თუ - არა, მაშინ მისი დაწყების უფლება რატომ მისცა მთავრობას?
- არ ვიცი, თუმცა შედეგით ცალსახაა, რომ მას არ უნდოდა ეს პროექტი ან ეშინოდა რუსი მეზობლის რისხვის.
- გავაგრძელოთ რეკეტის თქვენეული გაგების ისტორიების მოყოლა... კიდევ გაქვთ მაგალითები?
- როდესაც, დავუშვათ, თუნდაც ნებისმიერმა პატარა არქიტექტურულმა კომპანიამ იცის, რომ მას არ შეუძლია მშენებლობის/პროექტის დაწყება გარკვეული ქრთამის ან ჩალიჩის ან ნაცნობობის და ა.შ. არის თუ არა ეს რეკეტი?! აუცილებელი არაა, შენ ვიღაც იარაღით მოგადგეს. შენ თუ ისეთი ბიზნესგარემო გაქვს ქვეყანაში შექმნილი, როცა იცი, რომ მარტო ვერაფერს გახდები და ვიღაცას უნდა მიეკედლო და ასე აწარმოო ბიზნესი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მთელი ქვეყნის ბიზნესი რეკეტში გყავს. ის პიროვნებები, ვინც ძალიან მიკედლებული ამ სისტემას და ზოგი ამბობს, რომ ძლივს არ გათავისუფლდა ბიზნესიო, ისინი შეიძლება, ძალიან თბილად არიან, მაგრამ დანარჩენებს ჰკითხონ, როგორია ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში?!
- თქვენ საუბრობთ რეკეტზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში, ბიზნესის წართმევის, ზეწოლის და ა.შ. ხმაურიანი მაგალითების შესახებ ნაკლებად გვსმენია... ანუ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ბიზნესგარემო სხვანაირად „დაალაგა“? მაგალითად, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და დღეს, ბიზნესმენმა ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „გარიგებები ალბათ არის, მაგრამ პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრების გადაფორმება, ბიზნესმენების პროკურატურაში დაბარებები, ამ ხელისუფლების პერიოდში არ გამიგიაო“...
კარგი იქნება, რომ ირაკლი ალასანიამ ისაუბროს მეტი, რა ბიზნესში არიას, რა პროექტები დაუმტკიცეს, რა - არა და შემდგომ როგორ განცხადებებს აკეთებს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღეს რომ ირაკლი ალასანიამ გააკეთოს ერთი განცხადება, რომელიც არ მოეწონება ბიძინა ივანიშვილს და მით უმეტეს, რომ შეეხოს ბიზნესგარემოს, ის ვერ მიიღებს ვერცერთ [სამშენებლო] ნებართვას თავის დეველოპერულ ბიზნესში. ეს არის რეალობა. ადამიანი, რომელიც 10 წელი არ გამოჩენილა, გამოვიდა და მთავრობის „გაპრავება“ დაიწყო, ნუ რაღაც ცუდებიც ისაუბრა, მაგრამ ძირითად ეპიზოდებში მთავრობის ნარატივს დააჯდა.
წყარო: bm.ge