წყალტუბოში UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი, 6000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება. ინფორმაციას, FC სამგურალი წყალტუბო ავრცელებს.

სტადიონის მშენებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„პროექტი უკვე დამტკიცებულია, ხოლო მშენებლობა 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

„წყალტუბო არენა“ - ახლანდელი 26 მაისის სახელობის სტადიონის ადგილზე აშენდება.

სტადიონზე მოეწყობა ძირითადი საფეხბურთო მოედანი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურით, ხელოვნური მოედანი მოყვარული ფეხბურთელებისთვის, ასევე მრავალი დამატებითი სივრცე, რომლებიც სპორტულ და დასასვენებელ აქტივობებს შეუწყობს ხელს.

სტადიონის შიდა და გარე სივრცეები UEFA-ს რეგლამენტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და ტექნიკურად სრულყოფილ გარემოს როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მაყურებლებისთვის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ელემენტი, რომელიც განსაზღვრულია UEFA Stadium Infrastructure Regulations (2025) დოკუმენტით. მათ შორისაა მოთამაშეთა, ოფიციალური პირებისა და მედიისთვის განკუთვნილი სივრცეები, თანამედროვე სანიტარიული კვანძები, კვების ობიექტები და ტურნიკეტები.სტადიონი აღიჭურვება UEFA-ს მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო და ანტიდოპინგური ინფრასტრუქტურით, ხოლო ტრიბუნები და ევაკუაციის გზები შემუშავებულია „Green Guide“ (6th edition)-ის პრინციპების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.