3 წლის წინ, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში გახსნილმა საოჯახო რესტორანმა „ლია დეიდამ“ გემრიელი იმერული კერძებითა და ვინტაჟური ინტერიერით მალე დაიპყრო სტუმრების გულები და ერთგული მომხმარებლები შეიძინა. „ლია დეიდასთან“ ზოგი გოგრისა და მწვანე პომიდვრის ფხლის დასაგემოვნებლად მიდის, ზოგს იქაური წიწილა ენატრება ტყემალში, ზოგს ხაჭაპური და ზოგს ლია დეიდას ხელით მორთული სახლის ნახვა სურს.

როგორც „კომერსანტთან“ საოჯახო რესტორნის ერთ-ერთ დამფუძნებელი და ლია დეიდას შვილი - გიორგი ჟორჟოლაძე იხსენებს, მან და დედამ საკუთარ სახლში რესტორნის მოწყობა 2020 წელს გადაწყვიტეს. პანდემიის მიუხედავად, ძალიან კარგი სტარტი ჰქონდათ, რადგან ხალხი საზღვარგარეთ ვერ მიდიოდა და ვინც თბილისიდან ბათუმში, სვანეთში ან რაჭაში მიემგზავრებოდა, საჭმელად მათთან ჩერდებოდნენ. დღეს „ლია დეიდას“ ორი სივრცე აქვს და სამომავლოდ რომელიმე დიდ ქალაქში, თბილისში ან ბათუმში გეგმავს ფილიალის გახსნას.

გიორგი ჟორჟოლაძე გვიყვება, რომ სტუმრებს იმერულ კერძებთან ერთად ძალიან მოსწონთ „ლია დეიდას“ ინტერიერი, სადაც ყველაფერი დედამისის ხელითაა გაკეთებული.

„ეს ჩვენი საცხოვრებელი სახლია, 35 წლის წინაა აშენებულია, მაგრამ თავის დროზე მისი გარემონტება ვერ მოხერხდა და დედაჩემი სულ ცდილობდა და ცდილობს, რომ ძველი ნივთებით გაალამაზოს და გააფორმოს. რასაც უყურებთ - მაგიდები, ფარდები, მოხატული იატაკი, ყველაფერი დედაჩემის - ლიას გაკეთებულია. უკვე 2 სივრცე გვაქვს, ერთი პირველ სართულზე და მეორე გათბობით - ზამთრისთვის“, - გვიყვება გიორგი ჟორჟოლაძე.

ავეჯს რაც შეეხება მისი თქმით, უმრავლესობა ბებიას ნაქონია, მერე კი ნათესავებმა და მეზობლებმაც აჩუქეს რაღაც-რაღაცები.

„ნივთების და ავეჯის უმრავლესობა, მაგალითად ძველი ბუფეტი - ბებიაჩემის ნაქონია. მერე რესტორნის გაკეთება რომ დავიწყეთ, ძველი ნივთები - გარმონი, ბუფეტები, ნახატები ნათესავებმა და მეზობლებმა გადმოგვცეს და ასე ნელ-ნელა შევაგროვეთ რაც გვაქვს“, - ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.

მის თქმით, „ლია დეიდას“ მთავარი უპირატესობა ძალიან გემრიელი იმერული სამზარეულოა. ფხალეულის დაფაში სტუმრებს განსაკუთრებით ლია დეიდას რეცეპტით მომზადებული გოგრის და შემწვარი მწვანე პომიდვრის ფხალი მოსწონთ. ამას გარდა, მენიუშია ტრადიციული იმერული ფხლები: პრასი, ეკალა, ნიგვზიანი ბადრიჯანი, სტაფილო, ყაბაყი; წიწილა აქვთ ტყემალსა და ნიორწყალში; ალკოჰოლური სასმელებიდან სტუმრებს სთავაზობენ ოჯახის იმერულ ღვინოს - ციცკა ცოლიკაურსა და ოცხანურ საფერეს, გასაგრილებლად - ოჯახური კომპოტს და ა.შ.

პანდემიის შემდეგ ფასებმა „ლია დეიდასთანაც“ მოიმატა. გიორგი ჟორჟოლაძის თქმით, ამის მიზეზი პროდუქტების გაძვირება იყო.

„გაძვირების მიუხედავად, საკმაოდ საშუალო და მისაღები ფასები გვაქვს. მაგალითისთვის, ჩვენთან 2 ადამიანზე ძალიან ნოყიერი სადილი 40-50 ლარი ჯდება. 6-ნაჭრიანი ხაჭაპური 18 ლარი ღირს“, - ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.