BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარება, რუსული კანონი და მთავრობის მიერ ბოლო წლებში, ევროპელი პარტნიორების მისამართით გაკეთებული ნეგატიური განცხადებები საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახა.
მისი განმარტებით, 9-თვიანი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით არის შემცირებული, სწორედ ამ პროცესის გამოძახილია.
არჩევნების შედეგები და ევროინტეგრაციის გადავადების პროცესი კი შემდეგი პერიოდის ინვესტიციებზე მოახდენს გავლენას.
„ინვესტიციებზე ინფორმაცია რომ გამოქვეყნდა, ეს იყო არჩევნებამდე და არ ითვალისწინებდა მის შედეგებს, არც დღევანდელ მდგომარეობას. კლებადი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისედაც იყო, ვფიქრობ, ეს განპირობებული იყო იმ გადაწყვეტილებებით, რაც აქამდე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითად: რუსული კანონი, გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები და სხვა. ბუნებრივია, ასეთი ქცევები უპასუხოდ და უშედეგოდ არ ქრება. ინვესტიციაზე გადაწყვეტილებას ერთ კვირაში და ერთ დღეში არ იღებენ, ამას მომზადება და ხშირად წელიწადზე მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, ინვესტიციების კლება წარსული მოვლენების შედეგია. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, პირადად მქონდა კონტაქტი სხვადასხვა ქვეყნიდან, აინტერესებთ, ჩვენთან რა ხდება. რასაც მე ვხედავ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ძალიან აქტიურად განიხილება საერთაშორისო მედიაში.
ვფიქრობ ეს მოვლენები უკვე შემდეგი პერიოდის ინვესტიციებზე მოახდენს გავლენას",- თქვა DO Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა.
ლალაზაშვილი ამბობს, არც მასთან და არც მის გარემოცვასთან "ქართული ოცნების" გუნდს კომუნიკაცია არ ჰქონია და უცნობია გეგმა, რომლითაც "ქართული ოცნება" ბიზნესგარემოს დასტაბილურებას გეგმავს.
,,არ ვიცი, ვისთან კომუნიკაციაზე ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, როცა ამბობს, რომ ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია აქვს, მე არავინ შემხვედრია; არც ისეთს ვიცნობ, ვინც რაიმეში იყო ჩართული და მესიჯების გაჟღერება შეუძლია.
ბოლო შეხვედრა, რაც იყო პრემიერთან, ბიზნესასოციაციის ფორმატში ეს უფრო წინასაარჩევნო შედეგებზე საუბარს ჰგავდა. სამწუხაროდ იმ შეხვედრას კითხვების დასმისა და მსჯელობის ფორმატი არ ჰქონია“,- თქვა ზურაბ ლალაზაშვილმა.