ის, რომ „ვიზეარი“ ვენაში მდებარე ბაზის დახურვას აპირებდა, კომპანიამ განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გაავრცელა. როგორც კომპანიაში განმარტავდნენ, ბაზის დახურვა 15 მარტამდე უნდა განხორციელებულიყო, უკვე იანვრიდან კი ქუთაისიდან „ვიზეარი“ ვენის მიმართულებით ფრენებს აღარ განახორციელებს.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა, ვენა ნამდვილად იყო ქართული ტურისტული კომპანიებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ცვლილება ისეთი ტრაგიკული არ არის, როგორც ეს საზოგადოებაში აღიქმება.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან მტკივნეული და რთულია, როცა კარგად აპრობირებული და მიჩვეული მიმართულება წყვეტს ოპერირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქუთაისიდან, კონკრეტულად „ვიზეარის“ მიმართულებები არის ძალიან ფართო და შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ვენის ჩანაცვლება. ბუნებრივია, ზეგავლენა უფრო ნეგატიური იქნება, ვიდრე დადებითი, მაგრამ ამის გამოყენებაც შესაძლებელია და შეგვიძლია, ის ბაზრები ავითვისოთ, რომლებიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო, ან დავაინტერესოთ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთვისაც საქართველო უცხოა

ნეგატიური კომენტარები, რაც წამოვიდა, უფრო მეტად ქართველი მომხმარებლისგან მოდის, რომელიც მიჩვეული იყო ქუთაისიდან პირდაპირ ვენაში მოგზაურობას და იქიდან გადანაწილებას.

საბოლოო ჯამში, არ გამოვრიცხავ, ვენის მიმართულება კვლავ დაბრუნდეს, რადგან მსგავსი ნაბიჯები „ვიზეარს“ სჩვევია და ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს“, - განმარტავს სალომე ბერაია.