აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორეულ გიგანტებს Samsung-სა და SK Hynix-ს ჩინეთში ჩიპების წარმოების პროცესზე ახალი ბარიერები დაუწესდათ.
ვაშინგტონის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ორივე კომპანიისთვის მოქმედი სპეციალური რეჟიმი („validated end-user“ სტატუსი), რომელიც მათ საშუალებას აძლევდა ლიცენზიის გარეშე მიეღოთ ამერიკული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა ჩინეთის ფაბრიკებისთვის. ახალი წესებით, კომპანიებს მხოლოდ ინდივიდუალური ლიცენზიების საფუძველზე ექნებათ წვდომა საჭირო მოწყობილობებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ Samsung-სა და SK Hynix-ს ჩინეთში არსებული საწარმოო ხაზების გაფართოება ან განახლება გაუჭირდებათ, ხოლო არსებული სიმძლავრეების შენარჩუნება მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
დაწესებულ შეზღუდვებს უკვე მოჰყვა ბაზრის რეაქცია: სეულის ბირჟაზე SK Hynix-ის აქციები თითქმის 5%-ით დაეცა, Samsung-ის ფასი კი 3%-ზე მეტით შემცირდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო ამწვავებს ტექნოლოგიურ დაპირისპირებას ვაშინგტონსა და პეკინს შორის და აზიანებს გლობალური ნახევარგამტარული ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს, მეხსიერების ჩიპების წარმოებას.