შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უარყოფს რამე კავშირს ფინანსთა სამინისტროს გამოვლენილ დანაშაულთან, რომლის მიხედვით, რუსთავში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში სხვადასხვა ბრენდული დასახელების სასმელებს ამზადებდნენ.

„შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან.

აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ”, - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ, ხოლო დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.