„საქართველოს კაპიტალმა“ მის მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიები ერთი ჰოლდინგის ქვეშ გააერთიანა.

საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში „საქართველოს კაპიტალმა“ განახორციელა ყველა სადაზღვევო ბიზნესის „ა გრუფში“ გაერთიანება. შედეგად, „ალდაგის“, „იმედი ელისა“ და „არდის“ მართვა უკვე ერთი კომპანიის მიერ ხორციელდება. ცვლილებებამდე სამედიცინო დაზღვევისა და „არდის“ მართვას „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ახორციელებდა, „ალდაგის“ მართვას კი სს „ა გრუფი“.

დღეისათვის „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელობაში არსებული კომპანიებიდან ქონებისა და უბედური შემთხვევების დაზღვევის ბიზნესი „ალდაგის“ სახელით ოპერირებს, სამედიცინო დაზღვევის ბიზნესი კი ბაზარზე „იმედი ელი“ და „არდის“ ბრენდებით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალმა“ სადაზღვევო ხელშეკრულებების 87 მილიონ ლარიანი პორტფელი და ბრენდი „არდი“ 2024 წლის აპრილში შეიძინა.

„საქართველოს კაპიტალის“ ნახევარწლიური ანგარიშის მიხედვით, ჯგუფმა აღრიცხა შემოსულობა კერძო ინვესტიციებიდან მის სამედიცინო დაზღვევის ბიზნესთან დაკავშირებით 3.601 მლნ ლარის ოდენობით. ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბეგვრამდე არსებული წმინდა შემოსავალი წლიურად 57.9%-ით, 10.588 მლნ ლარამდე გაიზარდა რაც ასახავს დაზღვევის პოლისების ფასების ზრდას და ასევე „არდის“ სადაზღვევო პორტფელის შეძენის დადებით ზეგავლენას.

ამასთან, ჯგუფმა ქონებისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ბიზნესში ინვესტიციიდან მიიღო შემოსულობა 9.367 მლნ ლარის ოდენობით, რაც ძირითადად განპირობებული იყო ავტომობილებისა და სიცოცხლის საკრედიტო სადაზღვევო მიმართულებების ზრდით.

ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბეგვრამდე არსებულმა წმინდა შემოსავალმა 22.655 მლნ ლარი შეადგინა 2024 წლის პირველ ნახევარში. ბიზნესმა ამავე პერიოდში 9.7 მლნ ლარის ოდენობით დივიდენდი გადაიხადა.

bm.ge