სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კამპანიის “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ფარგლებში, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ეროვნული ინიციატივის - პირველი კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია. პლატფორმა „ცისკარის“ ფარგლებში, ანტარქტიკის ისტორიულ ექსპედიციაში სამი ქართველი პროფესიონალი გაემგზავრება. ეს არის გლობალური მასშტაბით უნიკალური მისია, რომლის ანალოგიური კომბინირებული მარშრუტი მსოფლიოში სულ 150-მდე ადამიანს აქვს შესრულებული, საქართველოსთვის კი სრულიად ახალი გამოცდილებაა.
პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევაზე, გარემოს ცვლილებასა და მასთან ადაპტაციისკენ მიმართოს. აღნიშნული რეგიონი, კი, დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური პროცესებისა და გარემოსდაცვითი ტრანსფორმაციების ეპიცენტრს წარმოადგენს და პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს ეკოსისტემასთან და კლიმატურ ტრანსფორმაციებთან.
ალდაგისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, ამ ისტორიული პროექტის მხარდაჭერა კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. აღნიშნული პარტნიორობა და კომპანიის მთავარი გზავნილი “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ხაზს უსვამს ალდაგის ხედვას, რომ რისკების სწორი მართვით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
“ამ ისტორიული პროექტის მხარდაჭერა ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ მსგავს გლობალურ ინიციატივებში კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით ეყრება საფუძველი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების გააზრებას და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც სადაზღვევო კომპანიას, მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება გვაქვს გარემოსდაცვითი რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საინფორმაციო კამპანიებში, ჩვენთვის ეს პროექტი ის ეროვნული ინიციატივაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალურ დონეზეც კარგად გავიაზროთ გლობალური კლიმატური რისკები და მასთან ერთად საქართველოს ეკოლოგიური და კლიმატური გამოწვევები,“ - აცხადებენ ალდაგში;
ექსპედიცია ორი ურთულესი ამოცანის შესრულებას მოიცავს: ანტარქტიკის უმაღლეს მწვერვალ ვინსონზე ასვლას და სამხრეთ პოლუსამდე დარჩენილი 111 კილომეტრის (ე.წ. „ბოლო გრადუსის“) თხილამურებით დაფარვას. ამ ისტორიულ მისიაში განსხვავებული გამოცდილების მქონე გუნდი მონაწილეობს: ქართული ალპინიზმის ლეგენდა - ბიძინა გუჯაბიძე, გეოგრაფი, გლაციოლოგი და პროექტის იდეის ავტორი - გიორგი გოცირიძე, და დოკუმენტალისტი - ნიკა ლებანიძე, რომელიც ექსპედიციის მსვლელობას სრულად გადაიღებს.