25 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი დაახლოებით $59 200-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში მისი ღირებულება დაახლოებით 1.94%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $58 952-მდეც დაეცა.
ფასის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის საინვესტიციო პროდუქტებიდან კაპიტალის გადინებაა. CoinDesk-ის ინფორმაციით, 24 ნოემბრის მონაცემებით, აშშ-ის სპოტ Bitcoin ETF-ებიდან ერთ დღეში $569.7 მილიონი გავიდა. ნოემბერში კი ჯამურმა გადინებამ დაახლოებით $4.71 მილიარდს მიაღწია.
ბაზარზე დამატებით ზეწოლას ახდენს ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინიც. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ამცირებს ინვესტორების ინტერესს მაღალი რისკის აქტივების მიმართ, რომელთა შორის ბიტკოინიცაა. ამასთან, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მერყეობა კრიპტობაზარზეც აისახება.
ვარდნას აძლიერებს ფიუჩერსების ბაზარზე პოზიციების იძულებითი დახურვაც. CoinDesk-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტების ბაზარზე ლიკვიდირებული პოზიციების მოცულობამ $844 მილიონს მიაღწია, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 217%-ით მეტია.