ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, HoReCa  სექტორში ვაკანსიები შემცირდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, თებერვლის ბოლოდან, აღნიშნული სექტორი ძალიან აქტიურად ემზადებოდა ახალი ვაკანსიების გამოსაცხადებლად, თუმცა სწორედ აღნიშნული თვის ბოლოს დაიწყო ირანში სამხედრო კონფლიქტი, რამაც კომპანიების განწყობაზე გავლენა იქონია.

„ზოგადად, გაზაფხულის პერიოდი HoReCa  სექტორისთვის ყველაზე აქტიური სეზონია, თუმცა, ომის ფაქტორის გათვალისწინებით, ჰორეკა სექტორის დატვირთულობა და მასზე მოთხოვნა შემცირდა, რის გამოც სეზონურად ახალი კადრების აყვანა საჭირო აღარ გახდა“, - განმარტა ინგა შახბაზიანმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ადრე, HoReCa  სექტორის წილი ჯამურ ვაკანსიებში 13-16% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 9%-ზეა ჩამოსული.

„როგორც ვაკვირდებით ჩვენს პლატფორმაზე კომპანიების აქტივობებს, აპრილის თვეშიც თავს იკავებენ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები ახალი თანამშრომლების დასაქმებისგან და ელოდებიან, როდის დასრულდება ომი ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორმა.

მან მიმდინარე წლის ზოგად ტენდენციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წელი დასაქმების სფეროში საკმაოდ აქტიურად დაიწყო - ვაკანსიების ჯამური რაოდენობა გაზრდილი იყო როგორც თებერვალში, ისე მარტის თვეში.

ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, მათ პლატფორმაზე, ამჟამად, სამუშაოს მაძიებელთა სიაში 148 ათასამდე პირია რეგისტრირებული და მათ რაოდენობას ყოველდღიურად კიდევ ასამდე ადამიანი ემატება.

როგორც HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორი ამბობს, დღეს, საქართველოში, ახალ კადრებს აქტიურად 4000 -მდე კომპანია ეძებს. ჯამურად, მათ პორტალზე დარეგისტირებული პოტენციური დამსაქმებლების რაოდენობა კი 32 000 კომპანიას შეადგენს.

ბიზნესპარტნიორი