ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ „OPEL“  საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ  ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეკრე“-ს მენეჯმენტმა განაცხადა. „OPEL“ ოფიციალური ცენტრი თბილისში სულ მალე გაიხსნება, იქამდე კი კომერსანტი დაინტერესდა რა სიახლეებით შემოდის "ოპელი" საქართველოში და რომელი მოდელების შეძენა იქნება შესაძლებელი თბილისის ცენტრში.

"პირველ ეტაპზე შოურუმში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ოპელის 2023 წლის ახალ მოდელებს: MOKKA, ASTRA, GRANDLAND და ZAFIRA, მოგვიანებით წარმოდგენილი იქნება სრულიად განახლებული CORSA. წლის ბოლოსთვის კი ელექტრო ავტომობილების შემოყვანაც იგეგმება." - განაცხადა კომპანია „მეკრე“-ს მარკეტინგის მენეჯერმა თამარ კიკნაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოდგენილი ოპელის ყველა მოდელი ევროპული წარმოებისაა. " მათი მთავარი უპირატესობა ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ცნობილი,  გერმანული ინჟინერიაა.  ოპელის ახალი ავტომობილები მკვეთრი და ფერადი დიზაინით გამოირჩევა, ეფექტური ვიზუალის გარდა გასათვალისწინებელია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და მთლიანობაში სანდოობის შეგრძნებას ქმნის." - განაცხადა კომერსანტთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ სეგმენტზეა გათვლილი "ოპელის" ავტომობილები, თამარ კიკნაძის თქმით, "ოპელი ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თავისუფალი და ახალგაზრდულად მოაზროვნე ადამიანების ბრენდია, სადაც ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მისი ვიზუალური სტილიც სწორედ ამაზე მიანიშნებს."

უკვე ცნობილია, რომ "ოპელმა" საერთაშორისო დონეზე საკმაოდ ამბიციური გეგმის შესახებ განაცხადა - კომპანია რამდენიმე წელში სრულად ელექტრო იქნება, ეს შეეხება ქართულ ბაზარსაც. 

"ოპელი თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს თამამი გადაწყვეტილებებით ხვდება , 2028 წლისთვის ოპელი სრულად ელექტრო იქნება, ცხადია ეს არ გულისხმობს შიდა წვის ძრავიანი მოდელების ამოღებას წარმოებიდან. რა საკვირველია, ოპელის ახალი ელექტრო მოდელები საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი."

თვალშისაცემია ოპელის ახალი მოდელების დიზაინი, როგორც ოფიციალურ წარმომადგენლობაში ამბობენ, ეს მრავალფეროვნება ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

"ოპელის სამოდელო რიგისთვის მკვეთრი ფერები ერთგვარი ხელწერაა, რომელიც თითოეული მოდელის ინდივიდუალურ ხასიათს უსვამს ხაზს. ვფიქრობთ, ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება ფერების ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა სადა მოდელებიც იქნება ხელმისაწვდომი." - აცხადებს თამარ კიკნაძე.

ოპელის ოფიციალური შოურუმი თბილისში სექტემბერში გაიხსნება, თუმცა იქამდე კომპანიამ წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.