საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებლიდან გადახრას კვლავ მეტწილად მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები განაპირობებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი წვლილი ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავება ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობასა და საერთაშორისო ფასების მერყეობას ზრდის. ამავდროულად, საერთაშორისო სასურსათო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხიც გაძლიერდა. ენერგორესურსების ფასების ზრდა, სამომხმარებლო ფასებზე პირდაპირი გავლენის გარდა, წარმოებისა და ტრანსპორტირების დანახარჯებს ზრდის და ამ არხით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც აისახება. შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციების შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც მიწოდების შოკის ხანგრძლივობა, ისე მისი ფასების სხვა კომპონენტებზე გავრცელებისა და ინფლაციურ მოლოდინებზე გავლენის მასშტაბი. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ინფლაციის შედარებით ხისტი კომპონენტების დინამიკა. ინფლაციის შედარებით ხისტი მაჩვენებლები მთლიან ინფლაციაზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. აგვისტოში საბაზო ინფლაციამ 3.6 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული დინამიკა მიუთითებს, რომ მიწოდების შოკის მიუხედავად, მისი გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე ჯერ კიდევ ზომიერი რჩება. თუმცა, შოკის გახანგრძლივების პირობებში, იზრდება მისი მოლოდინებზე გადაცემის რისკი, რის გამოც მეორე რაუნდის ეფექტები კვლავ საყურადღებო ფაქტორია. ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალური პროგნოზის შესაბამისია. აღნიშნული სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს.

ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.0 პროცენტი, ხოლო წლის პირველ შვიდ თვეში საშუალოდ 7.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ მაღალპროდუქტიულ სექტორებს შეაქვთ, რაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.

გეოპოლიტიკური მოვლენების შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკაზე მათი გავლენის მასშტაბთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ მაღალია. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკის სცენარები განიხილა.

მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში, ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს, რომ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება, გაუარესებული კლიმატური პირობებით გამოწვეულ საერთაშორისო სასურსათო ფასების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტებს გააძლიერებს. შედეგად, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი და ფართომასშტაბიანი იქნება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. ბოლო წლებში ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად იზრდება შედარებით მაღალპროდუქტიული და ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების წვლილი, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნის წარმოების პოტენციალს ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, საგარეო პოზიციას აუმჯობესებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნდამენტური ცვლილებები საშუალოვადიან პერიოდშიც გაგრძელდება, გაზრდილი წარმოების პოტენციალი მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციას შეარბილებს. ამასთან, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და დაბალი სუვერენული რისკის პრემია გაცვლითი კურსის ფუნდამენტურ გამყარებას შეუწყობს ხელს, რაც დამატებით დისინფლაციურ გავლენას მოახდენს. შედეგად, მთლიანი ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

მიმდინარე მაკროეკონომიკური ვითარებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, მპკ-მ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების მინიმიზირება, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტს სწრაფად დაუბრუნდეს. სებ აქტიურად განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის ეფექტებსაც გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს