თბილისში, კრწანისის რაიონში, რამდენიმე წელიწადში 32 და 22 სართულიანი ცათამბჯენები აშენდება. იორდანელმა, ლიბანელმა და კატარელმა ინვესტორებმა გორგასლის და გულუას ქუჩებს შორის მრავალფუნქციური შენობების მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 6 წლის წინ მიიღეს, თუმცა გასულ წელს ვადების გახანგრძლივება მოითხოვეს.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შეთანხმებული პროექტის მშენებლობას 48 თვე სჭირდება, მრავალფუნქციური შენობა კი საცხოვრებელ, საოფისე, სავაჭრო და სასტუმრო კომპლექსს გააერთიანებს.

„მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 18 888 კვ.მ-ს. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება გორგასლის ქუჩიდან შემომავალი ჩიხი, სამხრეთიდან კი გორგასლის და გულუას ქუჩების დამაკავშირებელი დიდი ხეივნის შესახვევი. აღნიშნულ ნაკვეთს ოთხივე მხრიდან გააჩნია სამეზობლო მიჯნები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის, კერძოდ კი საზოგადოებრივი-სავაჭრო, საოფისე, საცხოვრებელი, გასართობი, ასევე გამაჯანსაღებელი და სასტუმროს ფუნქციების მქონე სივრცეების  ორგანიზება. აგრეთვე გათვალისწინებულია სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა.

საცხოვრებელი, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები და ასევე საოფისე ფართები თავს მოიყრიან ორ 32 და 22 სართულიან მაღლივ შენობაში, რომლებიც ქვედა სართულების დონეზე გაერთიანდება ერთიანი მრავალპროფილიანი ოთხ დონიანი სივრცით. აქედან -6,60 და - 3,30 ნიშნულზე განთავსდება პარკინგი, ხოლო + 0,00 და +6,00 ნიშნულზე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების მქონე საუბნო და სარაიონო მოხმარების კომერციული დანიშნულების სივრცე“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „ამარ ინტერნეშენელ დეველოფმენტი“ ახორციელებს, რომლის წილებს ნაიმ აჰმად მაჰმოუდ იოუნის (იორდანია), ა.რაჰმან ს ი ობაიდან ფახროო (ყატარი), ანვარ მ.ნ შ. ალქავასმი (იორდანია) და კაბბანი იმადი (ლიბანი) ფლობენ.