გალტ&თაგარტის მიმოხილვის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ივლისის რეკორდული გაყიდვების შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში მოთხოვნა სეზონურად შენელდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,858 შეადგინა, რაც როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე შემცირებას ნიშნავს.
მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.3%-ით დაეცა (იანვარ–აგვისტოში -0.3% წ/წ), პირველადი ბაზარი კი 17.8%-ით შემცირდა (8 თვეში +1.8% წ/წ). დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, პირველად ბაზარზე გაყიდვები აგვისტოში 12.2%-ით შემცირდა როგორც მაღალი ბაზის, ისე სეზონური დასვენების ეფექტის გამო. მიუხედავად აგვისტოს ვარდნისა, 2025 წლის პირველი რვა თვის ჯამში თბილისში გაყიდვები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა – სულ 25,636 ბინა გაიყიდა, ჯამური ღირებულებით 2.0 მლრდ აშშ დოლარი (+5.2% წ/წ).
მიწოდების მხრივ, აგვისტოში გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ გაიზარდა: 22 პროექტზე დამტკიცდა 145,928 მ² საცხოვრებელი ფართი (+6.9% წ/წ). იანვარ–აგვისტოში ნებართვების საერთო მოცულობა 3.3%-ით მოიმატა.
ფასები ზრდას აგრძელებს როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით გაიზარდა და 1,341 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორადის ახალ პროექტებში – 2.8%-ით, 1,299 დოლარამდე.
ქირის ბაზარზე, საშუალო ზომის ბინის (50–60 მ²) ქირის ფასი თვეში 0.7%-ით მოიმატა და კვადრატულ მეტრზე 9.6 დოლარს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი წლიურად 3.4%-ით ნაკლებია 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით.