ზაფხულიდან ამერიკული დოლარის კუპიურებზე პრეზიდენ დონალდ ტრამპის ხელმოწერა გამოისახება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფულის ერთეულს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის სხდომაზე. 2026 წლის 26 მარტიფოტო: ჩიპ სომოდევილა / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, აშშ-ის ბანკნოტებზე ტრამპის ხელმოწერა გამოჩნდება.
ასევე პირველად ბოლო 165 წლის განმავლობაში, ახალ ბანკნოტებზე აღარ იქნება აშშ-ის ხაზინადარის ხელმოწერა.
პირველი 100-დოლარიანი კუპიურები, რომლებზეც ტრამპისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის ხელმოწერები იქნება დატანილი, ივნისში დაიბეჭდება. ანალოგიური რამ სხვა კუპიურებზე მომდევნო თვეებში გაკეთდება. სავარაუდოდ რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს იმას, რომ ახალი კუპიურები ბრუნვაში ჩაეშვას და ბანკებში შევიდეს.
„ჩვენი დიადი ქვეყნისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ისტორიული მიღწევების აღიარების უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე მის მიერ ხელმოწერილი აშშ-ის დოლარის კუპიურების დაბეჭდვაა“, - განაცხადა ბესენტმა.
ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯი, რომლის მიზანია, რესპუბლიკელი პრეზიდენტის სახელი სხვადასხვა სამთავრობო პროგრამასა და საჯარო შენობას დაუკავშირდეს. ამას წინ უძღოდა ტრამპის დანიშნული ხელოვნების ფედერალური კომისიის წევრების მიერ სამახსოვრო ოქროს მონეტის დიზაინის დამტკიცება, რომელზეც მოქმედი პრეზიდენტია გამოსახული.
ტრამპის გამოსახულებიანი ერთდოლარიანი მონეტის გამოშვების მცდელობა კი იმ რეგულაციების გამო ჩაიშალა, რომელიც აშშ-ის მონეტებზე ცოცხალი ადამიანების გამოსახვას კრძალავს.
კანონი, რომელიც ფედერალური სარეზერვო სისტემის კუპიურების ბეჭდვას არეგულირებს, სახაზინო დეპარტამენტს, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, დიზაინის შეცვლის უფლებას აძლევს. თუმცა, კანონი მოითხოვს გარკვეული ელემენტების შენარჩუნებას, მათ შორის სიტყვების "In God We Trust" („ჩვენ ღმერთს ვენდობით“) და მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების პორტრეტების გამოსახვის უფლებას იძლევა.
ბანკნოტების ზოგადი დიზაინი უცვლელი დარჩება, გარდა ტრამპის ხელმოწერისა, რომელიც ხაზინადარის ხელმოწერას ჩაანაცვლებს.
აშშ-ის ამჟამინდელმა ხაზინადარმა, ბრენდონ ბიჩმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ვალუტა „კვლავაც იქნება ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის, სიძლიერისა და ურყევი სულისკვეთების სიმბოლო“.
წყარო: 1 არხი