ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან.

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მტმ“-ს ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 2026 წლის 16 თებერვალს შეუწყვიტა – მიზეზად გრუნტის ტენიანობა დაასახელეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვებს:

პროექტის მომზადებამდე სპეციალისტებს გრუნტი არ უნდა შეესწავლათ?

თუ გრუნტი არ შეუსწავლიათ, როგორ მოამზადეს პროექტი, გრუნტის შესწავლის გარეშე ტენდერი როგორ გამოაცხადეს, ან სამუშაოები როგორ დაიწყეს? 

მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის პროექტი იმ პროექტებს შორის იყო, რომელთა დაწყებაც ბათუმის მერიამ 2026 წლის იანვარში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტო-ვიდეომასალით დააანონსა. ამ პროექტისთვის ბათუმის ახალი მერი შეაქეს, მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. იყო ასეთი კომენტარებიც – „ჯერ დაიცადეთ, საქმე ბოლომდე მივიდეს“.

ამას მოჰყვა ვიდეო, სადაც ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალდანიშნული ხელმძღვანელი ბაქარ ჩიტაია დეტალურად უამბობდა მოქალაქეებს პროექტის შესახებ.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 27 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გათვალისწინებული იყო თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომლებსაც თათების ფორმა ექნებოდა.

ბლოკები გათვლილი იყო 180 დამოუკიდებელ ვოლიერზე. ვოლიერები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით.

პროექტი ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში ითვალისწინებდა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზოს მოწყობას, საერთო ჯამში კი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავდა რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა“ და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა.

პროექტი ითვალისწინებდა ასევე ძაღლების სავარჯიშო სივრცის მოწყობას.

ხელშეკრულების შესაბამისად, 9 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „მტმ“ – სთან 2026 წლის 13 იანვარს გააფორმეს, 2026 წლის 16 თებერვალს კი მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტეს.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ შეთანხმების დოკუმენტში ვკითხულობთ:

„დაბა ჩაქვში მიმდინარეობს ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავს რთული რელიეფის დამუშავებას. კერძოდ, დაახლოებით 22 000 მ³ გრუნტის მოჭრა გადაადგილებასა და დაგეგმარებას.

ტერიტორიის არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მონაკვეთზე საჭიროა გრუნტის 3-5 მეტრ სიმაღლეზე დაყრა, რაც პირდაპირ კავშირშია სამომავლო შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებასთან, ასევე გასული პერიოდის განმავლობაში არსებული რთული კლიმატური პირობებისა და უხვი ნალექის გამო გრუნტი მაქსიმალურად არის გაჯერებული ტენით.

აღნიშნული გარემოება ტექნოლოგიურად შეუძლებელს ხდის გრუნტის გადაადგილებასა და მის ჯეროვან დატკეპნას, რაც აუცილებელი წინაპირობაა 3-5 -მეტრიანი ნაყარი ფენების მდგრადობისთვის.

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკისის მოწყობის შემდეგ აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა დადასტურდეს ხელოვნურად შექმნილი გრუნტის შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან, რისი მიღებაც შეუძლებელი იქნება, რადგან რთული კლიმატური პირობებისა და უხვი ნალექის გამო, გრუნტი მაქსიმალურად არის გაჯერებული ტენით“.

კომპანია მერიას ასევე ატყობინებს, რომ დატენიანებული გრუნტის მშრალით ჩანაცვლებაც განიხილეს, თუმცა ამან გარდა დროის დანაკარგისა, პროექტის თვითღირებულების გაზრდა გამოიწვია, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ხელშეკრულების შეწყვეტა:

„ჩვენი მხრიდან დეტალურად იქნა განხილული ალტერნატიული გზა 22 000 მ³ დატენიანებული გრუნტის სრული გატანა და მისი ჩანაცვლება მშრალი ინერტული მასით [ბალასტით], თუმცა, შესაბამისი გათვლების შედეგად დადგინდა, რომ მასალის ტრანსპორტირებისა და შესყიდვის ხარჯები იმდენად ზრდის პროექტის თვითღირებულებას, რომ მისი ასახვა არსებულ ფასების ცხრილში შეუძლებელია, ხოლო სამუშაოების ზაფხულის პერიოდამდე შეჩერება შეუძლებელს ხდის პროექტის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე.

ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს რესურსების არაეფექტური ხარჯვა და ვადების უშედეგო მოცდა, მიზანშეწონილად მივიჩნევთ N3 ხელშეკრულება შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით“.

ამ შეთანხმების შემდეგ მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

„ბათუმელებმა“ შეისწავლა პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სწორედ ამ პროექტით უნდა ეხელმძღვანელა.

პროექტის ავტორი კომპანია წერს, რომ სამშენებლო მოედნის ფარგლებში ნეგატიური გეოლოგიური პროცესები არ აღინიშნება, თუმცა ასევე ურთავს შენიშვნას სადაც მერიას დამატებით გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროებაზე მიუთითებს:

„საპროექტო ობიექტის მასშტაბიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნაყარი გრუნტის გამო ვერ მოხერხდა ტერიტორიაზე დეტალურად საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დადგენა, საპროექტო ორგანიზაცია დეტალური სურათის დასადგენად სახარჯთაღრიცხვო ნაწილში თანხობრივად ითვალისწინებს დამატებითი საინჟინრო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. კერძოდ, მიწის ვაკისის საპროექტო ნიშნულზე დასვლის შემდეგ, მოეწყოს დამატებითი გეოლოგიურ ჭაბურღილები სავარაუდო ჯამური სიგრძით 80 მ. მიღებული შედეგებით შესაძლებელია შევიდეს კორექტირებები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში“.

ბალასტის შეტანა და დამატებითი გეოლოგიური კვლევები რომ პროექტირებისას გათვალისწინებული იყო, ამას ის დოკუმენტაციაც მოწმობს, რომელიც ტენდერს თან ახლავს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი „მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოებისთვის“ ჯამში 1 მილიონ 60 ათას 843 ლარი იყო გათვალისწინებული, მათ შორის უშუალოდ „მიწის ვაკისის მოწყობის შემდეგ დამატებითი გეოლოგიური კვლევების სამუშაოებისთვის“ – 2 743 ლარი.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან

მერიიდან არ გვაქვს განმარტება – რატომ არ გაითვალისწინეს აღნიშნული სამუშაოები პროექტის დასრულების ვადის დადგენისას და „ვადებში ვერჩატევის“ გამო რატომ შეწყვიტეს ხელშეკრულება. მითუმეტეს, არათუ ვადის გადაწევა, არამედ მთლიანად პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შეცვლაც კი, ბათუმის მერიისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

პროექტის მიხედვით ტერიტორია ჩაქვის დასახლებაში, რაც მერიას მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისთვის აქვს შერჩეული, XX საუკუნის ბოლოსათვის წარმოდგენილი იყო ხევის სახით. XXI საუკუნის დასაწყისში ხევი შეივსო ნაყარით ბათუმი-ჩაქვის საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროცესში გამოტანილი მასით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყებას „ოცნების“ ხელისუფლება პომპეზურად აანონსებს, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმში ბოლო ექვსი წელია ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სხვადასხვა პროგრამას და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას ჰპირდებოდა, თუმცა არც ერთი დაპირება არ განხორციელებულა.

2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. პროგრამა არ დაწყებულა.

ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა 2020 წელსაც დააანონსეს. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.

მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ იყო.

batumelebi.netgazeti.ge