ყავა მსოფლიოში მესამე ყველაზე პოპულარულ სასმელს წარმოადგენს წყლისა და ჩაის შემდეგ. სწორედ ამიტომ ყავის მარცვლები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კულტურაა. ყავის მარცვლების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნები ყოველწლიურად მილიარდობით კილოგრამ მოსავალს იღებენ.
სტატიაში წარმოგიდგენთ ყავის მწვანე მარცვლის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგს. მონაცემები აღებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ანგარიშიდან და 2025/2026 წლების მდგომარეობას ასახავს. ყავის წარმოების მაჩვენებელში ყავის კულტურის მოყვანა იგულისხმება, რომელიც მოუხალავი ყავის მარცვლების სახით გვხვდება. როგორც წესი, ყავის წარმოება 60-კილოგრამიანი ტომრებით იზომება, თუმცა რეიტინგში მონაცემებს სრული კილოგრამებით შემოგთავაზებთ.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, გლობალურად ყავის წარმოებამ 10.68 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მეტია.
ყავის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები ბრაზილია და ვიეტნამი არიან. მათი ერთობლივი წილი გლობალურ წარმოებაში 53%-ს შეადგენს, რაც თითქმის 5.7 მილიონ ტონას უტოლდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბრაზილია ვიეტნამზე ორჯერ მეტ ყავას აწარმოებს. ბრაზილიაში ძირითადად „არაბიკას“ ჯიშის ყავის მარცვალი მოჰყავთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.
ვიეტნამი კი საკუთარი დამახასიათებელი ყავის პროდუქტებითაა ცნობილი. აქ ისეთ პროდუქტებს ამზადებენ, როგორებიც ყავიანი კვერცხი ან მარილიანი ყავაა. მიუხედავად იმისა, რომ ყავის მარცვალი ვიეტნამში მე-19 საუკუნიდან მოჰყავთ, ის მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მხოლოდ 1999 წელს გახდა. ვიეტნამში ძირითადად კოფეინის მაღალი შემცველობის ყავის მარცვლები მოჰყავთ.
რეიტინგის მესამე პოზიციას კოლუმბია იკავებს, სადაც გლობალური წარმოების 7% მოჰყავთ. მეოთხე ადგილზე კი ინდონეზია იმყოფება. რაც შეეხება ყავის სამშობლოს, ეთიოპიას, ის რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა. ეთიოპიაში გასულ წელს 0.7 მილიონი ტონა ყავის მარცვალი მოიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყავის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყნის წილმა გლობალურ წარმოებაში 89% შეადგინა, დანარჩენ მსოფლიოზე მხოლოდ 11% მოდიოდა.
საინტერესოა, რომ ტოპ-10-ში წარმოდგენილი ქვეყნების დიდი ნაწილი ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს: ბრაზილია, კოლუმბია და პერუ – სამხრეთ ამერიკაში, მექსიკა – ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ჰონდურასი – ცენტრალურ ამერიკაში. სიაში აზიას სამი წარმომადგენელი ჰყავს – ვიეტნამი, ინდონეზია და ინდოეთი. რაც შეეხება აფრიკას, იქ ტოპ-10-ში შემავალი ორი ქვეყანა მდებარეობს: ეთიოპია და უგანდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი ამერიკა კვლავ გლობალური წარმოების მთავარი მიმწოდებელია, 1960-იანი წლებში აზიის წარმოების გაფართოებასთან ერთად, მისი წილი თანდათან შემცირდა. აზიის წილი გლობალურ წარმოებაში 1960-იანი წლების 5%-დან დღევანდელ 32%-მდე გაიზარდა. აფრიკა კი, ყავის სამშობლო, მხოლოდ მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი რეგიონია.
კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ყავის მარცვლის წარმოება სულ უფრო რთულდება, რის გამოც ყავის მარცვლის ფასი ყოველწლიურად იმატებს.