აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში პროდუქციის ჩამონათვალი შესაძლოა მომავალში გაფართოვდეს.
მისი თქმით, მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდება და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო ეტაპზე ორმხრივი ვაჭრობის ასორტიმენტი კიდევ უფრო გაიზარდოს.
„უკვე წელს ვიხილეთ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდება. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ შემდგომ ეტაპებზე ორმხრივი ვაჭრობის ნუსხა გაფართოვდება“, – განაცხადა ბაირამოვმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ინიაცო კასისთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის ინფორმაციით, ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით და უკან დაახლოებით 60 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. აქედან დაახლოებით 20 ათასი ტონა აზერბაიჯანის მიერ სომხეთში ექსპორტირებული ნავთობპროდუქტები იყო.
„დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვიხილავთ“, – აღნიშნა ბაირამოვმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გააუქმა სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთების საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტის აკრძალვა, ხოლო დეკემბერში მეზობელ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მიწოდებაც დაიწყო.