რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2026-2030 წლებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა, წერს „რია ნოვოსტი“.

ე.წ. მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი მოსკოვში 2025 წლის 27 დეკემბერს მოეწერა. დოკუმენტის ოფიციალური მიზანი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ეკონომიკურ-საინვესტიციო აქტივობის ხელშეწყობაა.

დაფინანსების მიმართულებები და პირობები

  • სოციალური და კულტურული სფერო: გამოყოფილი ფინანსური დახმარება მიემართება განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკის, ბავშვთა აღზრდის, კულტურული ცვლისა და ტურიზმის პროექტებზე.
  • ძალოვანი სტრუქტურები: შეთანხმება ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გაზრდას.
  • მედიკამენტებით უზრუნველყოფა: დოკუმენტით ასევე განისაზღვრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის კუთვნილი მედიკამენტების მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას ეკისრება.