ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ რეკორდულად დაბალი შობადობის ფონზე, ევროპის არაერთი ეკონომიკა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 21-ში სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, რაც, მისი შეფასებით, ამ სახელმწიფოებს დემოგრაფიული შემცირების გზაზე აყენებს.

ამასთან, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა დაიშალოს, ხოლო წევრმა სახელმწიფოებმა სრული სუვერენიტეტი დაიბრუნონ, რათა ეროვნულმა მთავრობებმა საკუთარი მოქალაქეების ინტერესები უკეთ წარმოადგინონ.

მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიული სისტემა ევროპას აფერხებს. მან ასევე დასვა კითხვა, თუ კონკრეტულად რისგან იცავს შეერთებული შტატები ევროკავშირს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მასკმა ასევე გააკეთა არაერთი დემოგრაფიასთან დაკავშირებული განცხადება. მათ შორის, ამტკიცებდა, რომ ევროპაში „დიდი ჩანაცვლება“ უკვე მოხდა, ბრიუსელში კი ბავშვების 73% არაევროპული წარმოშობისაა. გარდა ამისა, მისი შეფასებით, მიმდინარე დემოგრაფიული ტენდენციები თეთრკანიან მოსახლეობას გადაშენების საფრთხეს უქმნის.