უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებმა უარი განაცხადეს უკრაინისთვის დამატებითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ეს განცხადება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, პარტნიორებმა მიწოდების შემცირების ოფიციალურ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დაასახელეს, თუმცა, პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა პოლიტიკური მოტივებიც ყოფილიყო ჩართული.
„ყოველ შემთხვევაში, ეს არის ოფიციალური მიზეზი, რომელიც მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან, პირველ რიგში შეერთებული შტატებისგან, ასევე ევროპელი პარტნიორებისგან. არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები ახლო აღმოსავლეთის გარდა. შესაძლოა, ეს გარკვეულწილად პოლიტიკური ნაბიჯებიც იყოს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, უკრაინა უფრო დამთმობი გახდეს. ჩემი აზრით, ეს ფაქტორიც ნამდვილად არსებობს. გვესმის, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა პარტნიორებმა ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება გაზარდონ.