უკრაინულმა დრონების დარტყმებმა, რომელთა სამიზნე რუსეთის მთავარი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Wildberries იყო, ონალინ ვაჭრობის პლატფორმას სულ მცირე 100 მილიარდი რუბლის (1.2 მილიარდი დოლარი) პირდაპირი ზარალი მიაყენა- იტყობინება დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა The Bell.
რითეილერის ლოგისტიკური ქსელის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ახლახან ლენინგრადის ოლქის კრასნი ბორში მდებარე სადისტრიბუციო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრით გაძლიერდა. ეს მოჰყვა ვლადიმირის ოლქში მდებარე ობიექტებსა და სამარის ოლქის საწყობზე თავდასხმებს, რომელიც, რეგიონული ოფიციალური პირების დადასტურებით, მთლიანად დაიწვა.
ბოლო თავდასხმებამდე, დაზიანებული ან განადგურებული ობიექტები Wildberries-ის მთლიანი ეროვნული სასაწყობე სიმძლავრეების 17%-დან 22%-მდე შეადგენდა, ხოლო მხოლოდ გამყიდველების მარაგების დანაკარგი ასობით მილიარდ რუბლად არის შეფასებული - იუწყება The Bell.
თავდასხმების ტალღა Wildberries-ს სამი ძირითადი ოპერაციული საყრდენის კუთხით ემუქრება: მარაგების პირდაპირი განადგურებ, რომლის 10%-მდე უშუალოდ მარკეტპლეისს ეკუთვნოდა, მესამე მხარის ვენდორების გადინება, რომლებიც უფრო უსაფრთხო პლატფორმებს ეძებენ, და მისი ფულადი ნაკადების მოდელის სტრუქტურული კოლაფსი - განუმარტეს The Bell-ს ბაზრის წყაროებმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, არ დაუშვებენ სრულ გაკოტრებას კომპანიის ეკონომიკური მნიშვნელობისა და პოლიტიკური გავლენის გამო, Wildberries-ის სტაბილიზაციას მასიური ფინანსური ინტერვენცია დასჭირდება, - განუცხადეს ინდუსტრიის ექსპერტებმა The Bell-ს.
კომპანია 2026 წელს დაგროვილი ვალებით შევიდა, რომელიც 1.3 ტრილიონ რუბლს (15.6 მილიარდი დოლარი) აღემატებოდა, ხოლო შეთავაზებული სახელმწიფო დახმარების პაკეტები - მათ შორის სახელმწიფო ბანკ VTB-სგან შეღავათიანი სესხები და გამყიდველებისთვის საგადასახადო შეღავათები - მოდის იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 2026 წლის პირველ ნახევარში 5.7 ტრილიონ რუბლს (68.4 მილიარდი დოლარი) მიაღწია.
ეკონომიკურ ზარალზე ხაზგასმით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ ობიექტების წვის ფონზე განაცხადა, რომ „რამდენიმე მილიონი ადამიანი უყურებდა, როგორ იწვოდა მილიარდები... მილიარდები, რომლებიც შეიძლებოდა ომზე დახარჯულიყო“.