უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი შესთავაზა, თუმცა მოსკოვი ამ ეტაპზე არც ერთი მათგანისთვის მზად არ არის.
„ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერ ფორმატს: როგორც სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ისე საჰაერო სივრცეში ზავისა და ენერგეტიკული ზავის ვარიანტებს. არსებობს არაერთი ფორმატი. გარდა ამისა, შეთავაზებულია ფრონტის ხაზზე ომის გაყინვაც, რათა შემდეგ უკვე რთული მოლაპარაკებების წარმართვა იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრაც გამართოს.
„უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის პირადი შეხვედრისთვისაც, რათა რთული საკითხები განიხილონ და ა.შ. შეერთებული შტატები ამ ყველაფერს სრულად უჭერს მხარს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ამჟამად უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
„ის ერთ იდეაზეა ჩაციკლული და ამ იდეის გარშემო საკუთარ წარმოსახვაში მთელი სამყარო ააგო. იქიდან მისი გამოყვანა მედიკამენტების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, უკრაინა და აშშ სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის შეთავაზებას გააგრძელებენ, თუმცა რუსეთის პოზიცია მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც ქვეყნის შიგნით ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი წინადადების შეთავაზებას. შეერთებული შტატებიც გააკეთებს ამას. მაგრამ, სანამ რუსეთის შიგნით არ გაღრმავდება კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია დარტყმებთან Wildberries-ზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწვავისა და პროდუქტების დეფიციტთან, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვან დანაკარგებთან, არაფერი შეიცვლება. სანამ რუსეთის შიგნით ზეწოლა იმ დონეს არ მიაღწევს, რომ შიშს გამოიწვევს, თქვენ ვერ მიიღებთ ვერც ერთ პასუხს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.