იტალიის თავდაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაცია IRINI-ის ძალებმა რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" სანქცირებული ნავთობტანკერი შეამოწმეს.
სამინისტროს ცნობით, ტანკერი Toa Payoh კამერუნის დროშით დაცურავდა. ხომალდმა ბენინის პორტი კოტონუ 16 ივლისს დატოვა და სტამბოლისკენ მიემართებოდა. ევროკავშირის მისიამ ის იტალიის კუნძულ პანტელერიის დასავლეთით, საერთაშორისო წყლებში, შეაჩერა.
თავდაპირველად ტანკერის კაპიტანმა მოთხოვნილი თანამშრომლობა არ გასწია, რის შემდეგაც ოპერაცია IRINI-ის ფლაგმან ITS Thaon di Revel-დან, რომელიც იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნის, იტალიელი სამხედროების ჯგუფი ტანკერის ბორტზე ვერტმფრენით გადავიდა.
დაახლოებით ორსაათიანი ოპერაცია საბერძნეთის სამხედრო ხომალდისა და პოლონეთის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის მხარდაჭერით ჩატარდა. შემოწმების მიზანი იყო იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ხომალდს კამერუნის დროშით ცურვის უფლება.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა.