ინგლისური „ლივერპულის“ ორ გამოცდილ ფეხბურთელს, ვირჯილ ვან დაიკსა და ალისონ ბეკერს კარიერის მერსისაიდულ კლუბში გაგრძელება სურთ, – ინფორმაციას ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტაინი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელს „ლივერპულში“ დარჩენის სურვილი აქვს და მათი პრიორიტეტი ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.
35 წლის ნიდერლანდელ მცველსა და 34 წლის ბრაზილიელ მეკარეს მერსისაიდელებთან მოქმედი ხელშეკრულებები 2027 წლის ზაფხულში ეწურებათ. ჯერჯერობით უცნობია, რა ხანგრძლივობის კონტრაქტებს შესთავაზებს კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივიდანაც, რადგან ალისონის დარჩენის შემთხვევაში ქართველ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრაზილიელთან კონკურენციის გაგრძელება მოუწევს.
ვირჯილ ვან დაიკი „ლივერპულს“ 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა, ალისონ ბეკერი კი იმავე წლის ზაფხულში „რომადან“ გადავიდა.
ორივე ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მერსისაიდული კლუბის ბოლო წლების წარმატებაში – მათ „ლივერპულთან“ ერთად ორჯერ – ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.