მსოფლიოს წამყვანმა მოდის ბრენდებმა, მათ შორის Zara-მ, H&M-მა და Marks & Spencer-მა, ბანგლადეშიდან აზიის სხვა ქვეყნებში ტანსაცმლის წარმოების შეკვეთების ნაწილი გადაიტანეს. Reuters-ის ინფორმაციით, 1-18 ნოემბრის პერიოდში ბანგლადეშიდან დაახლოებით 254 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთები გადამისამართდა, რომელთა ძირითადი ნაწილიც მეზობელ ინდოეთში გადავიდა. ამის შესახებ სააგენტოს სამმა ადგილობრივმა მწარმოებელმა განუცხადა.
შეკვეთების გადატანის მიზეზი სამკერვალო ინდუსტრიაში მიმდინარე შრომითი პროტესტი, წარმოების შეფერხება და მზარდი ხარჯებია. ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის (BGMEA) მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლებმა სექტორს 400 მილიონ დოლარზე მეტი საწარმოო ზარალი მიაყენა. ეს ინდუსტრია ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების 80%-ზე მეტს ქმნის და წარმოებაში დასაქმებულთა დაახლოებით 40%-ს ასაქმებს.
ბანგლადეშის კონკურენტუნარიანობას დამატებით ასუსტებს ენერგიის დეფიციტი, ხელფასებისა და ნედლეულის გაძვირება, ასევე პოლიტიკური არასტაბილურობა. ვითარება კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის 36%-ით გაზრდა დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, ეს ზრდა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მცირეა და მუშაკთა მოთხოვნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
შეკვეთების გადანაწილებით ყველაზე მეტად ინდოეთი სარგებლობს, თუმცა საერთაშორისო ბრენდები წარმოების ალტერნატიულ ცენტრებად ვიეტნამსა და კამბოჯასაც განიხილავენ. ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეფასებით, ამ ქვეყნებში შეკვეთის წარმოებასა და მიწოდებას დაახლოებით 60-90 დღე სჭირდება, ბანგლადეშში კი — 120 დღემდე. მწარმოებლები შიშობენ, რომ დროებით გადატანილი შეკვეთები შესაძლოა მუდმივ ცვლილებად იქცეს და ბანგლადეშმა საერთაშორისო ბრენდების ნდობა დაკარგოს.