აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC) ილონ მასკის კომპანიას, „სფეის იქსს“ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრისგან შემდგარი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს, – ამის შესახებ უწყებაში განაცხადეს.
მიმდინარე წლის დასაწყისში „სფეის იქსმა“ დედამიწის ორბიტაზე მილიონამდე გამოთვლითი მოდულის განთავსების ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებას მიმართა. მოდულები დიდი მოცულობის მონაცემების დასამუშავებლად იქნება განკუთვნილი, რომელთა გამოყენებაც დედამიწაზე იგეგმება.
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის განცხადებით, „სფეის იქსის“ პროექტს, სახელწოდებით Starmind-ს, თანხმობა მიეცა, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით რესურსებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ლიცენზიის პირობების თანახმად, „სფეის იქსმა“ თანამგზავრების განთავსება არაუგვიანეს 2033 წლის ნოემბრისა უნდა დაიწყოს. 2035 წლის ნოემბრამდე კომპანიამ თანამგზავრების მაქსიმალური რაოდენობის 10%, ანუ 100 000 თანამგზავრი უნდა განათავსოს, ხოლო 2038 წლის ნოემბრამდე მთლიანი რაოდენობის 50%.
FCC-ს განცხადებით, განაცხადის დამტკიცება „სფეის იქსს“ საშუალებას მისცემს, დანერგოს ახალი ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში აშშ-ის ლიდერობას განამტკიცებს.
„როიტერის“ ცნობით, მონაცემთა ცენტრები ხელოვნური ინტელექტის ფიზიკური ინფრასტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს და ელექტროენერგიის უზარმაზარ რაოდენობას მოითხოვს.
თავად „სფეის იქსში“ აცხადებენ, რომ მზის ენერგიის თითქმის უწყვეტად გამოყენება და ექსპლუატაციისა თუ ტექნიკური მომსახურების მინიმალური ხარჯები თანამგზავრებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ ხარჯებისა და ენერგიის გამოყენების ეფექტიანობა და შეამცირონ დედამიწაზე განთავსებული მონაცემთა ცენტრების გარემოზე ზემოქმედება. ჯერჯერობით უცნობია, რეალურად განათავსებს თუ არა კომპანია კოსმოსში მილიონივე თანამგზავრს. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 17 000 თანამგზავრია.