„არქის“ გაყიდვებში უცხოელი მყიდველების წილი 37-38%-მდე გაიზარდა, რასაც Trump Tower-ის პროექტის დაანონსებამ შეუწყო ხელი, - განაცხადა უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე კომპანიის დამფუძნებელმა ილია წულაიამ.

მისივე თქმით, Trump Tower-ში კვადრატული მეტრის საწყისი ფასი 7 000- 10 000 $-მდეა, მშენებლობა კი 6-8 თვეში დაიწყება.

"მსგავსი საერთაშორისო ბრენდული პროექტები მთლიანად სექტორის პოპულარიზაციასა და უცხოური კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს" - აღნიშნა ილია წულაიამ.

ამავდროულად, მან ბაზრის სამი მთავარი გამოწვევა გამოყო: ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებისა და სპეციალისტების დეფიციტი, ხარისხის კონტროლის ნაკლებობა და მყიდველებისთვის პროექტის შეუსრულებლობის დამზღვევი მექანიზმების არარსებობა.

„ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებისა და სპეციალისტების დეფიციტი სერიოზული გამოწვევაა. უკვე დაწყებულია სხვა ქვეყნიდან შემოსვლის პროცესი როგორც სამშენებლო კომპანიების, ისე მუშახელისა და სპეციალისტების.

მეორე გამოწვევა ხარისხია. დაბალი ფასის შეთავაზება ხშირად ხარისხის ხარჯზე ხდება. ქვეყანაში ერთიანი სისტემა და მინიმალური სტანდარტი არ არსებობს. არსებობს 41-ე დადგენილება სახანძრო უსაფრთხოებაზე, ასევე ენერგოეფექტურობის სტანდარტი, თუმცა კონტროლი ექსპლუატაციის დროს საკმარისი არ არის და ზოგჯერ მოწყობილობებს ჩაბარების შემდეგ ხსნიან. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი მოტყუებული არ დარჩეს და კერძო და სახელმწიფო სექტორებმა ერთად იფიქრონ გამოსავალზე.

მესამე გამოწვევა დასრულებისა და კვალიფიკაციის საკითხია. უძრავი ქონების ზრდა მომდევნო 5-7 წლამდე მსგავსი ტემპით გაგრძელდება. „არქის“ შემთხვევაში უცხოელების წილი დაახლოებით 37-38%-მდეა და პოტენციალი კიდევ არსებობს. თუმცა პრობლემაა, როდესაც დეველოპერი ბინას ვერ ან არ აბარებს და ამის დამზღვევის მექანიზმები არ არსებობს.

საჭიროა ისეთი რეგულაციები, რომელიც პროცესს არ შეაფერხებს, მაგრამ რისკებს დააზღვევს“ - აღნიშნა წულაიამ HARD TALK-ის მსვლელობისას.

bm.ge