რუსეთის მთავრობამ რეაქტიული ძრავებისთვის განკუთვნილი საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC რუსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

„ხელმოწერილია დადგენილება რეაქტიული ძრავებისთვის განკუთვნილი საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, მათ შორის იმ საწვავისა, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად არის შეძენილი. შეზღუდვა 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ავიასაწვავის მიწოდებაზე.

რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა მიმდინარე წლის ივნისში შემოიღო. თავდაპირველად აკრძალვა 30 ნოემბრამდე მოქმედებდა. რუსეთის მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი შიდა ბაზარზე საწვავის მიწოდებისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.