2025 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობამ 1.04 მილიონი შეადგინა, თუმცა მათგან აქტიური მხოლოდ 250 193 იყო. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით აქტიური საწარმოების რაოდენობა 2.4%-ით გაიზარდა.
ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქტიური საწარმოების რაოდენობა 2021 წლის 171 992-დან 2025 წელს 250 193-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა 787.5 ათასიდან 1.04 მილიონამდე გაიზარდა.
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით, აქტიური საწარმოების ყველაზე დიდი ნაწილი ინდივიდუალური მეწარმეა. 2025 წელს მათი რაოდენობა 174 743-ს შეადგენდა, რაც აქტიური საწარმოების დაახლოებით 69.8%-ია.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების რაოდენობა 74 200 იყო, სააქციო საზოგადოებების — 685, ხოლო უცხოური საწარმოების ფილიალების — 319.
საინტერესოა საწარმოების საკუთრების სტრუქტურაც. 2025 წელს უცხოური კერძო პირების საკუთრებაში არსებული აქტიური საწარმოების რაოდენობა 42 520-ს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 39 056 იყო. შესაბამისად, მათი წილი აქტიურ საწარმოებში 16%-დან 17%-მდე გაიზარდა.
ამასთან, აქტიური საწარმოების 82% საქართველოს მოქალაქეების კერძო საკუთრებაში იყო, 0.9% კი კერძო შერეულ საკუთრებას წარმოადგენდა.